აქტუალური
ზაქარეიშვილი: „აფხაზებისა და ოსებისთვის ყველაზე უარესი ვარიანტი საქართველოს მიერ მათი აღიარებაა“

1-zakareishviliსაქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა გამოცემა „კავკაზსკაია პოლიტიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია გამოყოფილი რეგიონების არაღიარებასთან დაკავშირებით თავად აფხაზებისა და ოსების ინტერესებში შედის.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შესაძლებლობა მინისტრმა უგულებელყო.

„ჩემი აზრით, აფხაზებისა და ოსებისათვის ყველაზე უარესი ვარიანტი საქართველოს მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარებაა. ამით ჩვენ მათ მთლიანად გადავცემთ რუსეთს, – აღნიშნა ზაქარეიშვილმა, – ეს ტერიტორიები რუსეთის საზღვრის მომიჯნავეა და ამიტომაც რუსეთი მათ მთლიანად მიისაკუთრებს“.

ამიტომ, სახელმწიფო მინისტრის თვალსაზრით, ერთადერთი გარანტია, რომ ამ რეგიონებს რაღაც პერსპექტივა გაუჩნდება, საქართველოს მხრიდან მათი დამოუკიდებლობის არაღიარებაა. „შეიძლება ითქვას, ეს მათთვის ტოტალური რუსული ექსპანსიის წინააღმდეგ გარანტირებული პერსპექტივაა, შესაძლებლობა იმისა, რომ მთლიანად რუსეთის ზეგავლენის ქვეშ არ მოექცნენ“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ამასთან, ზაქარეიშვილმა აფხაზეთზე საუბრისას აღიარა, რომ  ეკონომიკური სიტუაცია რესპუბლიკაში, რუსეთის მხრიდან დახმარების წყალობით, ყოველწლიურად უმჯობესდება. თუმცაღა, მისი განცხადებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის განვითარების უზრუნველყოფა სწორედ საქართველოს და არა რუსეთს შეუძლია.