პოლიტიკა
ქართული დელეგაცია ბრიუსელში

1-briuse-politika3საქართველო, დეკემბერი, საქინფორმი. ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობდა ქართული დელეგაცია  საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის ხელმძღვანელობით.

ევროკავშირის მხრიდან სხდომას გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე და კვიპროსის, როგორც ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნის, საგარეო საქმეთა მინისტრი ერატო კოზაკო- მარკულისი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის და აღმოსავლეთპარტნიორობის სამიტის ფარგლებში ასოცირების შეთანხმების საკითხზე ისაუბრეს. უკვე გადაწყდა, რომ 2013 წელს საქართველოში გაიმართება აღმოსავლეთპარტნიორობის არაფორმალური მინისტერიალი. განიხილეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაც.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ახალი მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აღმოსავლეთპარტნიორობის მრავალმხრივი ფორმატის ფარგლებში როგორც ევროკავშირთან, ისე პარტნიორ ქვეყნებთან მიმდინარე თანამშრომლობას და ხაზი გაუსვა აღმოსავლეთპარტნიორობის მნიშვნელობას ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავების პროცესში.

ალექსი პეტრიაშვილმა განსაკუთრებულად აღნიშნა საქართველოს დემოკრატიზაციისა და მოდერნიზაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მზარდი როლის მნიშვნელობა და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სწრაფვა, გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი და ამისათვის ქვეყნის მთავრობა ინტენსიურად აგრძელებს რეფორმებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა მართლმსაჯულება, ადამიანის უფლებების დაცვა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, სურსათის უვნებლობა, კონკურენციის ხელშეწყობა, ვაჭრობის ტექნიკური ბარიერები, სოციალური პოლიტიკა, შრომითი უფლებების დაცვა, ბიზნესის განვითარება და ა.შ.