სამართალი
რიყის გასხვისებასთან დაკავშირებით დაკითხვები გრძელდება

1-riye-samarTali1საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში რიყის ტერიტორიის გასხვისების პროცედურებთან დაკავშირებით დაკითხვაზე იმყოფებოდა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი არის ბოჭოიძე. როგორც თავად აცხადებს, კონკრეტულად, რიყის თაობაზე მისთვის კითხვები არ დაუსვამთ და ეს მხოლოდ ინფორმაციული შეხვედრა იყო.

ამავე საკითხის ირგვლივ საგამოძიებო დეპარტამენტში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაურიც დაკითხეს. თუმცა, თავად გილაური აცხადებს, რომ ამ საკითხის შესახებ არაფერი იცის და  ასეც უპასუხა: „არაფერი არ ვიცი“.

ბოჭოიძისა და გილაურის შემდეგ კი გამოძიების შეკითხვებს ძველი თბილისის რაიონის ყოფილმა გამგებლმა ლაშა ფურცხვანიძემ უპასუხა.

ამ თემაზე უკვე დაიკითხნენ მერიის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები, ასევე, დაკითხვაზეა დაბარებული მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დავით საყვარელიძე, რომელიც დეპარტამენტში ჯერ არ გამოცხადებულა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ: გამოძიების მიხედვით, რიყის ტერიტორია თბილისის მერიის მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის გადაწყვეტილებით, პირობიანი ხელშეკრულებით გასხვისდა 2006 წლის 2 მაისს, თუმცა შემდგომში უკანვე გამოისყიდეს საბიუჯეტო თანხით და ბევრად მეტ ფასად. ეს გარემოება ბადებს კითხვებს ამ ოპერაციების კანონიერებასთან დაკავშირებით. ამ ოპერაციიის განხორციელებისას თბილისის მერიის მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის ერთ-ერთი წევრი მერიის კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის იმდროინდელი უფროსი დავით საყვარელიძე იყო.