საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. დღეს, 13:00 საათზე, ძველი თბილისის ცენტრში – ხუთვარსკვლავიანი ოტელი „ამბასადორის“ საკონფერენციო დარბაზში – არასამთავრობო ორგანიზაცია „ისტორიული მემკვიდრეობა“ მის მიერ გამოცემული წიგნის – „ლეკიანობის“ – პრეზენტაციას ატარებს.
„ლეკიანობა“ – ქართულად ასე ჰქვია მთლიანობაში ჩრდილოკავკასიელი მთიელების (ლეკების, დაღესტნელების, ჩეჩნების, ინგუშების და სხვა.) თავდასხმებს საქართველოზე, ბევრად უფრო გამაპარტახებელს, ვიდრე ყიზილბაშთა მომთაბარე ტომების ლაშქრობები იყო.საქართველოს მათზე ვერაგი და სასტიკი მტერი, ალბათ, არც ჰყოლია – მათმა თავდასხმებმა მე-18 საუკუნეში ათასობით სიცოცხლე შეიწირა, ქართლ-კახეთის სამეფოს მოსახლეობის რიცხოვნობა 200 ათასამდე შეამცირა და მთლიანად გაანადგურა აყვავებული მეურნეობა. ოსმალეთის იმპერიის მმართველებმა მაშინ შეგნებულად დაიწყეს მზადება საქართველოს განადგურებისთვის – ქართველების წინააღმდეგ ჩრდილოკავკასიელთა კომბინირებულად ამოქმედებისთვის საჭირო იყო ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთისთვის რაიმე საფრთხის შექმნა, რათა საბედისწერო საათს მეფე ერეკლე მეორეს იქიდან დახმარების მიღება არ შესძლებოდა.
წიგნი „ლეკიანობა“ წარმოადგენს ცნობილი ქართველი მეცნიერების – აკადემიკოსების, პროფესორების, მეცნიერებათა დოქტორების – სტატიების კრებულს, რომლებიც თავის დროზე გამოქვეყნდა პოლიტიკურ ყოველკვირეულში „საქართველო და მსოფლიო“: ისტორიკოსები, ეკონომისტები, აგრეთვე, ცნობილი პუბლიცისტები, დოკუმენტური ისტორიული მასალის საფუძველზე იკვლევენ საქართველოს ისტორიის ამ საშინელ პერიოდს.
სწორედ ამაზე იქნება საუბარი დღევანდელ პრეზენტაციაზე, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაცია „ისტორიულმა მემკვიდრეობამ“ ტრადიციულად მიიწვია ჩვენი სააგენტოს ჟურნალისტები, ამიტომ საქინფორმი მკითხველს დაწვრილებით რეპორტაჟს ხვალ, 2012 წლის 20 დეკემბერს, წარუდგენს.