სამართალი
ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე 2013 წლის გაზაფხულზე დაბრუნდება

1-Rvino-samarTalii3საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი უკვე იტყობინებოდა, 14 დეკემბერს ჟენევის გარეუბანში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში სპეცწარმომადგენლების – ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის – შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა აღიარეს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა, რომელთა შორისაც 2008 წლის აგვისტოდან შეწყვეტილია დიპლომატიური კავშირები, ჩიხში მოექცა. დასაწყისისათვის მხარეებმა ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორიცაა სავაჭრო ურთიერთობები, ჰუმანიტარულ-კულტურული კავშირები და რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა. ასევე, გადაწყდა, რომ ამ ფორმატის დიალოგი რეგულარულად გაიმართება.

ამავე დროს, „როსპოტრებნადზორმა“უკვე მიიღო დოკუმენტები სამი ათეული ქართული საწარმოსგან, რომლებსაც რუსულ ბაზარზე ღვინის მიწოდების სურვილი აქვთ. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა გენადი ონიშჩენკომ განაცხადა.

„ჩვენ მზად ვართ აქ ქართველ მეწარმეებთან შესახვედრად, მაგრამ აუცილებელია წარმოების ნახვა ადგილზე. თუ ყველაფერი დამაკმაყოფილებელი იქნება, ახალი პროდუქციის დარეგისტრირებას შევთავაზებთ. დაიწყება მიწოდება, პარტიებს გავაკონტროლებთ“, –  აღნიშნა ონიშჩენკომ.

თბილისის მხრიდან გენადი ონიშჩენკოს პარტნიორი რუსეთში მიწოდებული მეღვინეობის პროდუქციის ხარისხის კონტროლში საქართველოს ექსპორტიორთა კავშირი გახდება.

სავარაუდოდ, ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე 2013 წლის გაზაფხულ-ზაფხულში დაბრუნდება.