აქტუალური
ივანიშვილი: „რუსეთთან მიმართებაში ვიქნებით თანმიმდევრული და პრინციპული“

1-press-aqtuluuu3საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. სასტუმრო „ამბასადორში“ მეორე დღეა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა მიმდინარეობს   21-კაციან უცხოელ ჟურნალისტთა ჯგუფთან.

პრემიერმა რუსეთთან ურთიერთობის შესახებ ქართველი ჟურნალისტებისთვის გაკეთებულ კომენტარში არ გამორიცხა მომავალში მისი შეხვედრის შესაძლებლობა ვლადიმერ პუტინთან ან დიმიტრი მედვედევთან.

„რაც მთავარია,  შედგა პირველი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის და რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლებს შორის. თავად ეს ფაქტი უკვე საინტერესოა. ამ შეხვედრაზე საუბარი სავაჭრო კულტურული ურთიერთობებისა და ორ ქვეყანას შორის რეგულარული რეისების აღდგენას შეეხო. რაც მთავარია, პროცესი დაიწყო“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. 
მისივე ინფორმაციით, გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის მეორე შეხვედრა, სავარაუდოდ, ორი თვის შემდეგ გაიმართება. „ეს პროცესი გაგრძელდება და მოვახერხებთ რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას. დალაგებაში იგულისხმება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ყველაფერი, რაც საქართველოს კანონით ეკუთვნის. ჩვენი ყველა ნაბიჯი იქნება გამჭვირვალე, აუცილებლად ვიქნებით თანმიმდევრული და პრინციპული ჩვენს ქმედებებში რუსეთთან მიმართებაში“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ჟურნალისტებთან კომენტარში.