სამართალი
სააკაშვილი ივანიშვილის ბანკის გაკოტრების მცდელობაში მონაწილეობდა

1-qarTu-samarTaliii2საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. შსს-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნინო გიორგობიანმა გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს აჟამინდელი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ შექმნილი „ქართუ-ბანკის“ გაკოტრების დანაშაულებრივი სქემა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით შეიქმნა. მისი თქმით, გამოძიებას ხელთ აქვს „ჩვენებები და უტყუარი მტკიცებულებები“ იმისა, რომ ამ სქემაში პრეზიდენტთან ერთად ჩართული იყვნენ პარლამენტის ყოფილი წევრები და ფინანსთა, იუსტიციისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროთა თანამშრომლები.

გიორგობიანის ცნობით, აღნიშნული სქემა მიზნად ისახავდა „სააქციო საზოგადოება „ქართუ-ბანკის“ გაკოტრების გზით ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრთან ანგარიშსწორებას“. სქემა მას შემდეგ შეიქმნა, რაც ერთი წლის წინ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკით დაკავდა.

გიორგობიანის განმარტებით, სქემა საშუალებას აძლევდა საქართველოს უწინდელი ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილ ბიზნესმენებს, რომლებსაც ბანკმა კრედიტები გამოუყო, თავიდან აერიდებინათ პასუხისმგებლობა. ასეთი კრედიტების ჯამმა 60 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა.

გიორგობიანის თქმით, შარშან ნოემბერში იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა სქემის განხორციელება შემოსავლების სამსახურის მაშინდელ ხელმძღვანელ ჯაბა ებანოიძეს მიანდო, რომელმაც შესაბამისი დავალებები მისცა თავის თანამშრომლებს, ისინი კი ხსენებულ ბიზნესმენებს დაუკავშირდნენ.

ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილ იმ ბიზნესმენებს, რომლებსაც საკრედიტო დავალიანება გააჩნდათ ბანკ ქართუში, უნდა ეღიარებინათ არარსებული საგადასახადო დავალიანება. ამის შემდეგ იმ ქონებას, რომელიც ბანკის მიერ იპოთეკით იყო დატვირთული, გაიტანდნენ აუქციონზე, სადაც მყიდველი არ დაფიქსირდებოდა. შემდეგ ეკონომიკის სამინისტრო პირდაპირი მიყიდვის წესით სიმბოლურ ფასებში გაყიდდა სხვა კომპანიებზე, რომლებსაც სინამდვილეში აკონტროლებდნენ ამავე ქონების ყოფილი მეპატრონეები. ამ გზით ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს ქონებაც არ ეკარგებოდათ და ამ დანაშაულებრივი სქემით უუქმდებოდათ ბანკი ქართუს“ საკრედიტო დავალიანება, რომლის უზრუნველყოფაც იპოთეკით დატვირთული ქონებით ხდებოდა“, – განმარტა ნინო გიორგობიანმა.

ებანოიძე, მისდამი დაქვემდებარებული უწყების თანამშრომლები და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით გიორგაძე, ასევე, ზოგიერთი ბიზნესმენი ამჟამად გამოძიებასთან თანამშრომლობენ, სტრასბურგში მყოფ სააკაშვილს კი აღნიშნულ თემაზე ჯერჯერობით არავითარი კომენტარი არ გაუკეთებია.