რეზო ჩხეიძე დავით უსუფაშვილს საპარლამენტო ტრიბუნაზე გამოსვლის თხოვნით მიმართავს
საქართველო, 18 დეკემბერი,
საქინფორმი. მსოფლიო მშვიდობის ელჩი, კინორეჟისორი
რეზო ჩხეიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
დავით უსუფაშვილს მიმართავს და 19 დეკემბერს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ქუთაისში დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.
„გიდასტურებთ ჩემს პირად პატივისცემას და გაცნობებთ, რომ მე და ჩემმა თანამოაზრეებმა, გავითვალისწინეთ რა საქართველოს მოსახლეობის განწყობა, რაც ნათლად გამოიხატა 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, დავიწყეთ პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება. ჩვენ ვთვლით, რომ ქვეყნისთვის უაღრესად საშიშია, პირდაპირ ვიტყვი, საგანგაშოა, როცა საქართველოს პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი, თავს ოპოზიციად აცხადებს და უპირისპირდება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობით არჩეულ ხელისუფლებას და მთავრობას. ჩვენ გადავწყვიტეთ, 2012 წლის 19 დეკემბერს გეწვიოთ ქუთაისში. 19 დეკემბერი მართლაც ტრაგიკული დღეა. 3 წლის წინ, ნიკოლოზობა დღეს, ქუთაისში აფეთქებული იქნა „ქართულ ბიბლიად და ფილოსოფიურ ტრაქტატად“ შერაცხილი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის და არქიტექტორ ოთარ კალანდარიშვილის ხელთქმნილი დიდების მემორიალი. აფეთქებას შეეწირა უმანკო ბავშვისა და მისი დედის სიცოცხლე. სამწუხაროდ, ამ ცოდვილ ადგილზე აგებულ იქნა საქართველოს პარლამენტის შენობა. მომზადებულია დიდების მემორიალის ისტორიის ამსახველი წიგნის – „დაუჯერებელი სინამდვილე“ – მეორე გამოცემა პერსონალურად პარლამენტის წევრებისთვის ,რომელსაც გადმოგცემთ ჩვენი ჩამოსვლისას.
ბატონო დავით, გთხოვთ, გვეწვიოთ აქციაზე პირადად თქვენ და პარლამენტის წევრები. აქცია შედგება 19 დეკემბერს, 14 საათზე, ზუსტად იმ ადგილზე, სადაც იდგა დიდების მემორიალი. და მთავარი, იმის გათვალისწინებით, რომ 19 დეკემბერი სასესიო დღეა, გთხოვთ, დამდოთ პატივი და მომცეთ შესაძლებლობა 5-წუთიანი სიტყვით მივმართო საქართველოს პარლამენტს“, – ნათქვამია რეზო ჩხეიძის მიმართვაში უსუფაშვილისადმი.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ ნუკრი ქანთარიას აზრით, „რეზო ჩხეიძეს, როგორც საზოგადო მოღვაწეს, ცნობილ კინორეჟისორს, სრული უფლება აქვს, დააფიქსიროს თავისი აზრი... სხდომაზე მისი გამოსვლა კი პარლამენტის გადასაწყვეტია“.
უმცირესობა კი საწინააღმდეგო მოსაზრებას საკუთარი არგუმენტაციით ამტკიცებს. დავით დარჩიაშვილის განმარტებით, „არა მგონია, რომ ადამიანი, რომელიც ოდესღაც ფილმებს იღებდა, და არცთუ ისე ცუდს, მაგრამ, ამავე დროს, საბჭოური პროპაგანდისათვის გამიზნულ ფილმებს, დღეს უნდა მსჯელობდეს იმაზე, დამოუკიდებელ საქართველოში რა უნდა ხდებოდეს პოლიტიკის სფეროში“.