პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: „ცხოვრების აზრის შესახებ, ანუ როგორ სძლია ფაღარათმა ჰილარის“

1-analit-red-politგასულ კვირას მსოფლიოს ყველაზე მთავარი სუპერსახელმწიფოს მეორე პირს ... ჩვეულებრივი ფაღარათი დაემართა! არ ვიცი – როგორ მოხვდა ნაწლავური ინფექცია აშშ-ის სახდეპის მდივნის უავგუსტოეს კუჭში – იქნებ ჰილარის ჭამის წინ ხელების დაბანა დაავიწყდა – მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის მდელობზე ქვიშაში თამაშობდა?! უფრო სწორად – ჯარისკაცობანას ქვიშაზე, ერაყსა და ავღანეთში...

ადამიანის ორგანიზმი, როგორც ცნობილია, 80% წყლისგან შედგება (ისევე, როგორც თავად კლინტონის გამოსვლები), ფაღარათი კი  ორგანიზმის გაუწყლოებას იწვევს, რომელიც სითხესთან ერთად ცხოველქმედებისთვის აუცილებელ ყველა მიკროელემენტსაც კარგავს.

აი, ასე იტანჯებოდა ფაღარათით მთელი კვირა ამაყი ჰილარი... ექიმებს არ უმხელდა – უხერხულია, ამერიკის მეორე პირს ფაღარათი სჭირდეს! და მხოლოდ ერთმანეთის მიყოლებით აუქმებდა საზღვარგარეთულ ტურნეებს – რა ემოგზაურებოდა...

საყვარელი ჰილარი სულ მთლად დასუსტდა და აი, 2012 წლის 15 დეკემბერს, „აშშ-ის სახელმწიფო მდივანს გული წაუვიდა იმ ნაწლავური ინფექციის შედეგად გაუწყლოების გამო, რომელიც მას გასული კვირის ბოლოდან სჭირს. გულის წასვლის შედეგად მან ტვინის შერყევა მიიღო. მომდევნო კვირის განმავლობაში შინ იმუშავებს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება“, - ნათქვამია სახდეპის პრესსამსახურის განცხადებაში.

P.S. ყველაფერი, თვით ყველაზე ნაღვლიანი ისტორიებიც კი, ამერიკაში ჰეფი ენდით მთავრდება, გამონაკლისი არც ეს არის: საქმე ისაა, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენმა ჰილარიმ ტვინის შერყევა მიიღო, მის პატარა თავში საოცარი ცვლილებები მოხდა და ის ... ცხოვრების აზრზე დაფიქრდა!

პირველ რიგში, მონიკა ლევინსკის დაურეკა: „ძვირფასო, ჩვენი სიცოცხლე ისეთი ხანმოკლეა და მასში, როგორც აღმოჩნდა, იმდენი უსიამოვნებაა...  მხოლოდ ახლა მესმის, რომ შენ, უბრალოდ, გსიამოვნებდა ბილთან სექსი ოვალურ კაბინეტში, და მე ამას გპატიობ! შენც მაპატიე, თუ რამე გაწყენინე...“

„ოჰ, რა სულელი ქალი ვარ! – განიცდის დღეს ჰილარი, როცა, ფანჯარასთან სარწეველა სავარძელში მჯდომი და უჯრულა პლედში გახვეული, თეთრი სახლის მდელობს გასცქერის, – აღარასოდეს ვითამაშებ ჯარისკაცობანას ქვიშაზე!“ ანუ, ერაყსა და ავღანეთში...

ხოლო საღამოს ჰილარი „რეჰიდრონის“ წრუპვით, ჯერ კიდევ არამყარი ნაბიჯით ცოლქმრულ საძინებელში მიდის, რომელიც ბოლო წლებში სახელმწიფო ინტერესების გამო სულ მიავიწყდა. ავადმყოფ თავს მკერდზე ადებს საქსოფონისტს, რომელსაც ოდესღაც წარმატებულ პრეზიდენტად გახდომაში დაეხმარა, და მშვიდად იძინებს...

და ესიზმრება, როგორ უკრავს ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბილი საქსოფონს თავისი ინაუგურაციის ცერემონიაზე 1993 წელს: „მე ვიცი, ის მხოლოდ ჩემთვის უკრავდა! – ძილში იღიმის ჰილარი, – ალბათ, სწორედ ამაშია ცხოვრების აზრი...“

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

თბილისი, 2012 წლის 18 დეკემბერი