აქტუალური
დარეგისტრირდა თუ არა ქართული მინერალური წყალი რუსეთის ბაზარზე?

1-aqtualuri-TOPსაქართველო, 18 დეკემბერი,საქინფორმი. ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება. როგორც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, შესაძლოა, მოსკოვმა ე.წ. წითელი ხაზის მიღმა არსებულ თემებზე თანამშრომლობა დაიწყოს და პირველ ეტაპზე ქართული პროდუქცია რუსეთის ბაზარზე დააბრუნოს. აღნიშნულ პროცესში ორი ქვეყნის ხელისუფლებასთან ერთად ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე ექსპორტით დაინტერესებული კომპანიებიც აქტიურად ჩაერთვნენ.

გასულ კვირას მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  რუსეთის მთავარი სანიტარის – გენადი ონიშჩენკოს, უწყებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა „საერთაშორისო ინვესტიციების საკოორდინაციო ცენტრი“. როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი სეთურიძემ განმარტა, 6 წლის შემდეგ, პირველად, რუსულ ბაზარზე ქართული მინერალური წყალი დარეგისტრირდა (სეთურიძეს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ კომპანიაზეა საუბარი) და უახლოეს პერიოდში დაიწყება მისი ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში.

საქინფორმმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარისთვის „როსპოტრებნადზორის“ პრესსამსახურს მიმართა, სადაც  განგვიმარტეს, რომ სეთურიძის უწყებასთან მოლაპარაკებების შესახებ მათთვის არ არის ცნობილი.