ლევან თუმანიშვილი სასამართლო პროცესისთვის ისევ ახალციხეში გადაჰყავთ
საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიზნით, შპს „ტაოს“ ხელმძღვანელი ლევან თუმანიშვილი ისევ ახალციხეში გადაჰყავთ. უწყება არ ადასტურებს თუმანიშვილის ადვოკატის განცხადებას, თითქოს ბრალდებულს დიაბეტი აქვს და ასთმის ნიშნები აღენიშნება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ თუმანიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მას ჩაუტარდა მაღალკვალიფიციური გამოკვლევები და ამ მომენტისთვის მისი ჯამრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ აღნიშნული პირი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ტყით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების შესრულების კანონიერების, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე დააკავეს. ჯანმრთელობის გაუარესების გამო იგი გადმოყვანილ იქნა თბილისში, საუნივერსიტეტო კლინიკაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება დღეს უნდა შეეფარდოს.