კახა კუკავა: „2013 წელს თბილისში გეტოების პრობლემა უნდა მოგვარდეს“
საქართველო, 17 დეკემბერი,
საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური
საქინფორმს ატყობინებს, პარტიის თავმჯდომარე, თბილისის საკრებულოს წარმომადგენელი
კახა კუკავა დედაქალაქის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული თანხები ისეთი მნიშვნელოვანი სოციალური პროექტებისთვის, როგორიცაა თავშესაფრის გარეშე მყოფი მოქალაქეების დახმარება და თბილისის გარეუბნებში არსებული გეტოების პრობლემის მოგვარება. და ეს მაშინ, როცა მრავალი მილიონი უნდა დაიხარჯოს ისეთ პროექტებში, როგორიცაა გარეგანათების ბოძებზე ქოთნის ყვავილების მოწყობა; ცენტრალურ მაგისტრალებზე სპეციალური საყვავილე კონსტრუქციების განთავსება; ყვავილების, ბუჩქების და ხე-მცენარეების შესყიდვა და ა.შ.
კახა კუკავას თქმით, სააკაშვილის მმართველობის წლებში თბილისში რეალურად გაჩნდა ე.წ. მე-13 რაიონი – გეტოების ერთობლიობა, სადაც მოსახლეობის უღატაკესი ფენებია შეფარებული. „სამარცხვინოა გამწვანებასა და სპორტული ღონისძიებების დაფინანსებაზე ფიქრი, როცა ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს უწევს არსებობა ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის, გათბობის და საკვების გარეშე“, –აცხადებს კუკავა.
პარტია მიიჩნევს, რომ ქვეყნის მთავრობის მიერ სხვა გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც საბოლოოდ მოაგვარებს თავშესაფრის გარეშე მყოფთა პრობლემებს, გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს ამ გეტოების დროებით საცხოვრებლებად მოწყობა. ამ მიზნით კი „თავისუფალი საქართველო“ 2013 წლის თბილისის ბიუჯეტში 1 მლნ ლარის გამოყოფას მოითხოვს.