აქტუალური
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი შეიძლება გადაიხედოს

1-okupac-aqtualurii3საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. დღეს, 17 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც რუსეთ-საქართველოს მხარეების შეხვედრის დეტალებს მიეძღვნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რფ-თან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის მოდიფიკაცია მოხდეს.

კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მე ვერ შევცვლი, მაგრამ თუ გამოჩნდება პერსპექტივა და პოზიტიური ცვლილებები, შეიძლება ამ კანონის ელემენტებში ცვლილების შეტანის შესახებ ვიფიქროთ“, – განმარტა აბაშიძემ, რომელიც თავად ასე ფიქრობს, თუმცა მიაჩნია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება დეპუტატებმა უნდა მიიღონ.

თუ დავინახავთ პოზიტივს და აღმოვაჩენთ, რომ ეს რეალურ პროგრესს ხელს უშლის, ალბათ, პარლამენტარები იფიქრებენ იმაზე, რომ მოდიფიკაცია შეიტანონ ამ კანონში, კონკრეტულად, იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც აფხაზეთსა და ცხინვალში ნამყოფი პირების დაკავებას ეხება იმ შემთხვევაში, თუ ისინი თბილისში ჩამოვლენ. ბოლო პერიოდში, როგორც ვიცი, არავინ დაუკავებიათ და მხოლოდ გარკვეული სანქციები ვრცელდება. ცვლილება შეიძლება ამ საკითხს შეეხოს. სავიზო რეჟიმი, რომელიც რუსეთის მხარეს აქვს საქართველოსთან მიმართებაში, არ არის ადეკვატური ჩვენი კეთილი ნებისა, რუსეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის ლიბერალური რეჟიმის შემოღების შესახებ, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

მისივე თქმით, შეუძლებელია, რუსეთს სავიზო რეჟიმის თვალსაზრისით, საქართველოსთან პრეტენზიები ჰქონდეს. 
„ჩვენთან ჩამოსულ მოქალაქეებს საზღვარზევე ურტყამენ ბეჭედს, მგონი, ღვინოსაც ჩუქნიან და 5 წუთში მთავრდება მთელი პროცედურა. ვლადიკავკაზში რომ მოინდომო წასვლა, ეს იმდენად რთულია, რომ სან პაულოში ან ტოკიოში უფრო ადვილად წახვალ. ეს რეალობაა და ამ მხრივ პრეტენზიები რუსეთის მხარეს ჩვენთან არ უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რფ-თან ურთიერთობების საკითხებში.