აქტუალური
ივანიშვილი – 80%, სააკაშვილი – 29%, ჯამში – 109%?!

1-ndiსაქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. დღეს, 17 დეკემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) მედიას საზოგადოებრივი კვლევის შედეგები წარუდგინა თემაზე – „საზოგადოების განწყობა საქართველოში“.

როგორც კვლევის შედეგების დღევანდელ პრეზენტაციაზე NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ განაცხადა, გამოკითხული მოსახლეობის 80%-ს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მოსწონს, 29%-ს კი – პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი (ხომ არ შეგეშალათ, ბატონო ნავარო? მკითხველები გვეკითხებიან – ჯამში ხომ 109% გამოდის? – საქინფორმი).

ასევე, ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას დადებითად – გამოკითხულთა 69%, მიხეილ სააკაშვილისას კი – 16% აფასებს.

NDI-ის კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 88% საქართველოს პატრიარქის ილია მეორ საქმიანობას დადებითად აფასებს. გარდა ამისა, NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს პატრიარქი რესპონდენტთა 93%-ს მოსწონს.

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 63%-ის აზრით, მათ შეხედულებასთან ყველაზე ახლოს კოალიცია „ქართული ოცნება“ დგას. კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებასთან ყველაზე ახლოს, 
– რესპონდენტთა 63%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 10%-მა  – „ნაციონალური მოძრაობა“, 8%-მა კი აღნიშნა, რომ პასუხი არ იცის. კატეგორიას – „არც ერთი პარტია“ – ხმა მისცა რესპონდენტთა 5%-მა, ხოლო 3%-მა დაასახელა „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, 1% კი დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღეს. 
გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, ყველაზე მეტად სწორედ კოალიცია „ქართული ოცნება“ შეძლებს ისეთი საკითხების მოგვარებას, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, პენსიები, ჯანდაცვა, რუსეთთან ურთიერთობა, ციხეები, დასაქმება, სიღარიბე, ადამიანის უფლებები, გადასახადები და სხვა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ: NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 14-25 ნოემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 1,947 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს.