პოლიტიკა
საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. შვეიცარიაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ დღეს პირველ ბრიფინგზე შეხვედრის შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „საერთო ჯამში, პირველი ასეთი კონტაქტის კვალობაზე, ცუდი შეხვედრა არ იყო და როგორც ასეთ შემთხვევაში ამბობენ ხოლმე, შეხვედრამ საქმიან ვითარებაში ჩაიარა“.
როგორც აბაშიძემ განაცხადა, ორი ქვეყნის წარმომადგენლების შეხვედრისას აღინიშნა, რომ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები, ფაქტობრივად, ჩიხშია მოქცეული და საჭიროა ამ ჩიხიდან გამოსავლის ძიება. ზურაბ აბაშიძემ, საზოგადოების მხრიდან ამ შეხვედრის მიმართ დიდი ინტერესის გათვალისწინებით, შეხვედრის მიზნებზეც ისაუბრა. „1 ოქტომბერს ამომრჩეველთა მანდატი იყო სწორედ ასეთი – გამონახეთ რუსეთთან საერთო ენა. მოსახლეობის განწყობა, დიდი ნაწილისა, დღესაც სწორედ ასეთია, გადავდგით ეს ნაბიჯი, რადგან არ შეიძლება ვიყოთ რუსეთთან მუდმივ კონფრონტაციაში“, – განაცხადა მან. აბაშიძის თქმით, ამ ნაბიჯის გადადგმა მრავალი წლის განმავლობაში დასავლეთელი პარტნიორების მოწოდებამაც განაპირობა, რომ საჭირო იყო რუსეთთან საერთო ენის გამონახვა და დიალოგის დაწყება. „მზად ვართ, შევხვდეთ რუსეთის წარმომადგენლებს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. ეს იყო სწორი პოზიცია, ვდგამთ ამ ნაბიჯს, რადგან ჩვენს რთულ, კონფლიქტებით გადატვირთულ რეგიონს ემუქრება ახალი საფრთხეები, რომელთა მასშტაბისა და დამანგრეველი ძალის პროგნოზირება ჯერ არავის ძალუძს. ჩვენი ამოცანაა, მინიმუმამდე შევამციროთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების რისკები. დავიწყეთ დიალოგი, რადგან მისი ერთადერთი ალტერნატივაა ჩიხი და მუდმივი დაძაბულობა. ამ დიალოგში ჩვენ ვგულისხმობთ ერთმანეთის მოსმენას, აზრთა გაცვლას, კომპრომისული შეთანხმებების ძიებას“, – აღნიშნა ბრიფინგზე ზურაბ აბაშიძემ.