სამართალი
"ოცნებაში" დააკავეს სუტენიორები და ბორდელების მფლობელები: გავა გამოძიება „კრიშაზე“ ნაცმოძრაობიდან?

1-sex-worker

საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. შს სამინისტროს ინფორმაციით, შსს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, პროსტიტუციისთვის საცხოვრებლის გადაცემის ბრალდებით, ხუთი პირი დააკავეს – საქართველოს მოქალაქეები ნანა მ. და ინგა ბ. და თურქეთის მოქალაქეები ჰუსეინ ი., ომერ ქ. და ჯესურ მ.

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების თანახმად, აღნიშნულ პირებს გონიოსა და  ბათუმის ტერიტორიაზე ნაქირავები ჰქონდათ სასტუმროები და ორგანიზებას უწევდნენ პროსტიტუციის ბუნაგების მოწყობას.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბორდელების თემა აჭარის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით, თურქეთის საზღვართან ახლოს, არახალია. აჭარაში საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეების მიერ ერთობლივად ორგანიზებული მრავალრიცხოვანი ბორდელების არსებობის შესახებ საქართველოშიც და  თურქეთშიც  ყველამ იცოდა. ისინი მშვიდად ახორციელებდნენ თავიანთ სექსბიზნესს სააკაშვილის წინა ხელისუფლების დროს, თვით რეისში მყოფი მძღოლებიც კი, რომლებიც ხშირი სტუმრები იყვნენ ამ „გასართობი დაწესებულების“. საინტერესოა, სადამდე მივა გამოძიება და, მეძავების, სუტენიორების, „მამაშებისა“ და სექსმოვაჭრეთა გარდა, გავა კი, მათ „კრიშაზე“ „ნაცმოძრაობიდან“?

დაკავებულები აღიარებენ დანაშაულს და თანამშრომლობენ გამოძიებასთან.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ: წუხელ გონიოში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სასტუმრო „ოცნებიდან“ სამართალდამცველებმა 20-მდე ქალი და რამდენიმე მამაკაცი აიყვანეს. სპეცოპერაცია მოქალაქეების შეტყობინების შემდეგ დაიგეგმა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათ სასტუმროდან გასული ხმაური ხშირად აწუხებდათ. პროსტიტუციით დაკავებული გოგონები მალევე გაუშვეს, რადგან საქართველოს კანონმდებლობით, პროსტიტუცია დასჯადი არ არის, ხოლო ბორდელების ორგანიზატორები – მათი საცხოვრებლების არენდით გამცემნი, ასევე, სუტენიორები –  დაკავებულნი არიან და სასამართლოს წინაშე წარდგებიან.