რედაქტორისგან
ვალერი ჩხეიძე: „მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, რომ მან საკმაოდ მძიმე ტვირთი აიღო თავის თავზე“

1-analitNEW-chxeiZeსაინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის სტუმარია საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი ვალერი ჩხეიძე.

– ბატონო ვალერი, თქვენ 8 წლის წინ საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეთ. რა კონკრეტულმა გარემოებებმა გადაგადგმევინათ ეს ძალზე რთული ნაბიჯი?

გადაწყვეტილება ქვეყნიდან წასვლის შესახებ რამდენიმე აღმაშფოთებელმა ფაქტმა განაპირობა. შეიძლება ეს ფაქტები, ზოგადად, უმნიშვნელო იყო, მაგრამ მე სრულიად განსხვავებულ ფასეულობებზე გაზრდილი კაცი ვარ და ჩემთვის ოფიცრის ღირსება ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე მათი („ნაციონალური მოძრაობის“) პარტიულობა.

მე უკვე ვმუშაობდი დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, როდესაც ერთმა ახალგაზრდამ, გვარად უგულავამ, რომელიც მაშინ უშიშროების მინისტრის მოადგილე გახლდათ,  სამინისტროს მიერ ერთ-ერთი ფეხბურთელისთვის ჩამორთმეული ავტომანქანა დაამტვრია და ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. მას საყვედურიც კი არ მიუღია. 1994 წლიდან უშიშროების სისტემაში ვმსახურობდი და ჩემთვის დისციპლინა, პასუხისმგებლობა და ოფიცრის ღირსება ყოველთვის უმთავრესი იყო. უგულავას საქციელმა კი არ გამაკვირვა, აღმაშფოთა.

ამ ფაქტის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველ 3-4 თვეს პროცესები ისე გაგრძელდა, რომ სახეზე იყო ახალი ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების მიმართ ცინიკური დამოკიდებულება, ადგილი ჰქონდა უამრავ უმსგავსო ქმედებას და ა.შ.

ხალხის წრეში რამდენჯერმე ვცადე, ჩემი აზრი გამომეთქვა ახალ ხელისუფლებაზე, მაგრამ საზოგადოება მაშინ ეიფორიაში იყო და აზრი არ ჰქონდა რაიმეს მტკიცებას. ერთ-ერთ სატელეფონო საუბარში (მაშინ უკვე ფარულად მისმენდნენ) მე „ნაციონალური მოძრაობა“ ძალზე კრიტიკულად შევაფასე და ისიც ვთქვი, რომ ეს ძალა დაღუპავდა ქვეყანას. ამის შემდეგ ღამის პირველ საათზე დაზვერვის დეპარტამენტი სრულიად მოულოდნელად დალუქეს და მეორე დღეს გამომიცხადეს, რომ პატაკის საფუძველზე უნდა წამოვსულიყავი უწყებიდან.

ვგრძნობდი, რა ბინძურ საქმეებს აკეთებდნენ და გეგმავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელები. ამავე დროს, ცდილობდნენ ჩემს დაბლოკვას (რა თქმა უნდა, გარკვეულ ინფორმაციას ვფლობდი და ამიტომაც). ნებისმიერ თანამდებობაზე ჩემი დარჩენის შემთხვევაში, ისინი ეცდებოდნენ, იძულებით მომეწერა ხელი არასასურველ გადაწყვეტილებებზე, რასაც მე არ გავაკეთებდი. იყო ასეთი სახის მინიშნება და შემოთავაზება.

ვისგან მიიღეთ ეს მინიშნება  – ვანო მერაბიშვილისგან?

– თუ არ მიწყენთ, ამას, დაინტერესების შემთხვევაში, პროკურატურას გავუმხელ. უკვე გავახმიანე, რომ ისინი ბათუმში ასლან აბაშიძის რეზიდენციის დაბომბვას აპირებდნენ, ასევე –  ერთ-ერთი მაღალჩინოსანის წინააღმდეგ ბინძური საქმიანობის წარმოებას და სხვ.

გარკვეულ  პერიოდში უამრავი ასეთი საკითხი დაგროვდა. ამიტომაც გადავწყვიტე საქართველოს დატოვება.

ბატონო ვალერი, ფიქრობთ, რომ საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის ხელისუფლება თქვენ წინააღმდეგაც შეძლებდა გარკვეული პრეტენზიების წაყენებას?

– გაუჭირდებოდათ? (იცინის) შაბლონურად, გენერალ-ლეიტენანტს ჩამიდებდნენ იარაღს, შეთითხნიდნენ რაიმე საქმეს და დაიწყებდნენ სხვადასხვა სახის ზეწოლას.

2005 წელს დედა გარდამეცვალა და საქართველოში დაბრუნება დავაპირე. ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, რომ ჩემი მონაცემები გადაცემული იყო შესაბამისი ორგანოებისთვის, და თუ საქართველოს საზღვარს გადმოვკვეთდი, დამაკავებდნენ. ამიტომაც დედის დაკრძალვას ვერ დავესწარი.

ჩემს პოზიციას ნუ შეაფასებთ როგორც განაწყენებული ადამიანის საუბარს. ჩემი დიდი სურვილია, რომ მსგავსი რამ საქართველოში აღარ განმეორდეს.

მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა, ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია. ვინმემ აგო პასუხი იმ უამრავ დანაშაულზე, რომელთაც სჩადიოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები? როგორ წარმოგიდგენიათ, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი საზღვარგარეთ რომ გაიქცეს, ქვეყანა დატოვოს დაზვერვის სამმართველოს უფროსმა და სხვა მაღალჩინოსნებმა – ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტი შეინარჩუნებდა საკუთარ პოსტს? რა თქმა უნდა არა, სენატი მაშინვე მოახდენდა რეაგირებას და პრეზიდენტი დატოვებდა დაკავებულ თანამდებობას.

ჩვენთან ორმაგი სტანდარტებია. დაუსჯელობა საქართველოში სწორედ იმიტომ იყო, რომ ამერიკელები მფარველობდნენ ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებს და დღესაც იგივე გრძელდება. ეს ეხება ევროკავშირის ზოგიერთ წარმომადგენელსაც, რომლებიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ სხვადასხვა მხარდამჭერ განცხადებას აკეთებდნენ.

სანამ რასმუსენი ჭკუის სწავლებას დაიწყებდა, ჯერ იქნებ მიეღო ინფორმაცია, რატომ აკავებს ივანიშვილის ხელისუფლება ყოფილ მაღალჩინოსნებს? ისეთი რანგის თანამდებობის პირს, როგორიც ნატოს გენერალური მდივანია, მსგავსი შეცდომები არ უნდა მოსდიოდეს. გარდა ამისა, დემოკრატიას ქადაგებენ, არადა, ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში!

– უცხო ქვეყანაში გატარებული რვა წლის განმავლობაში, ალბათ, აქტიურად ადევნებდით თვალყურს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს...

– საქართველოში ამდენი უსამართლობის შემხედვარე, დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს მუდმივად ვერ გაგრძელდებოდა. სამწუხაროდ, ჩვენმა ხალხმა გვიან დაიწყო გამოღვიძება. ცუდია, რომ ეს პროცესი დიდხანს გაიწელა, მაგრამ ახლა მთავარია, რომ ეს ყველაფერი დასრულდა. დღეს საზოგადოება ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. მართალია, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში უმრავლესობით ვერ მოვიდა, მაგრამ ნაციონალებს რევანშის ძალა და სურვილი ჯერ კიდევ აქვთ.

ის დაკავებები, რაც დღეს საქართველოში ხდება, შურისძიება არ არის, ეს სამართლიანობის აღდგენაა. ყველა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ თუ დანაშაულს ჩაიდენს, ხალხისა და კანონის წინაშე პასუხს აგებს.

ბატონო ვალერი, თქვენ, როგორც საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი და დიდი გამოცდილების მქონე პირი, რას ურჩევთ ახალ ხელისუფლებას, რაზე უნდა გაკეთდეს ამ სფეროში აქცენტები?

– პირველ რიგში, ალბათ, უნდა გაკეთდეს არსებული მდგომარეობის ერთგვარი აუდიტი. უამრავი საკითხი დაგროვდა და უნდა დაიწყოს მათი შესწავლა. ამ 9 წლის განმავლობაში უამრავი საქმე დარჩა გაუკეთებელი; ან საერთოდ არ გაკეთებულა, ან თუ გაკეთდა –უკუღმა.

ერთ მაგალითს მოგიყვანთ: საზღვრის დაცვის სტრუქტურის ხელმძღვანელობისას ევროპულ სტანდარტებზე გადასვლა დავიწყეთ. პირველ რიგში, ჩემს გერმანელ და უკრაინელ კოლეგებს მივმართეთ თხოვნით და გამომიგზავნეს მრჩეველთა ჯგუფი, რომელმაც შემოიარა საქართველოს საზღვრების მთელი პერიმეტრი, შეისწავლა არსებული ვითარება და დადო დასკვნა. 2004 წელს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის იმ სტრუქტურაში, რომელიც დაკავებული იყო აღნიშნული საკითხის შესწავლით, ხელმძღვანელ პირად ახალგაზრდა ქალბატონი დანიშნეს (გვარს ვერ ვიხსენებ), რომელიც სრულიად არაკომპეტენტური იყო. მან ჩათვალა, რომ უცხოელ მრჩეველთა ჯგუფის მიერ გაკეთებული დასკვნები არ გვჭირდებოდა და, შესაბამისად, ამ კუთხით მუშაობაც შეწყდა. ეს არის მავნებლობა!

ჩემი აზრით, ახალმა ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, რომ შედგეს დამოუკიდებელი კომისია (ეს ეხება არა მხოლოდ საზღვრის დაცვის დეპარტამენტს, არამედ შსს-ს, თავდაცვის სამინისტროს და უშიშროების მომავალ სტრუქტურას), რომელიც პროფესიონალებით დაკომპლექტდება. ამ კომისიურმა შემოწმებებმა უნდა შეისწავლოს, რომელ სფეროში რა სახის შეცდომები იქნა დაშვებული,რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად და აუცილებლად უნდა გამოვლინდეს, თუ კონკრეტულად ვისი ბრალია ეს შეცდომები. ამ კომისიამ ხელისუფლებას სხვადასხვა უწყებაში არსებული რეალური სურათი უნდა დაუდოს და წარუდგინოს წინადადება, თუ როგორ უნდა მოგვარდეს საკითხები.

– ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა მიიღო სააკაშვილის ხელისუფლებისგან. გარდა ამისა, ახალი მინისტრები, შეიძლება ითქვას, გამოუცდელებიც არიან. როგორ ფიქრობთ, როგორ შეძლებენ ისინი დასახული ამოცანების გადაჭრას?

–  ალბათ, მინისტრებმა უნდა იფიქრონ, რომ ძველი, გამოცდილი კადრებიდან შეკრიბონ მრჩეველთა ჯგუფი, ოღონდ იმ პირობით, რომ ამ ჯგუფს შეუქმნიან სამუშაო პირობებს, არ შეეშინდებათ მათი კრიტიკის და მოახერხებენ ჯგუფის მიერ წარმოდგენილი რაციონალური წინადადებების რეალიზებას.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა იყოს მაქსიმალურად კომპეტენტური და ძლიერი. უშიშროების საბჭომ ხელისუფლებას რეალური სურათი უნდა აჩვენოს, თუ რა ემუქრება ქვეყანას, რის მოლოდინში უნდა იყოს, განსაზღვროს სტრატეგიული მიმართულებები და არ დაუშვას ტაქტიკური შეცდომები. გარდა ამისა, კონსულტაციები უნდა გაუწიოს მთავრობას (რამდენიმე ალტერნატიული ვერსიით), თუ რა გზით უნდა იაროს ქვეყანამ, რომ საქართველოს სხვადასხვა საფრთხეები აარიდონ.

დღეს საქართველოში ასეთი რამ არ ხდება. უნდა შემუშავდეს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია და თავდაცვის დოქტრინა. უსაფრთხოების კონცეფციაში უნდა ჩაიდოს ძირითადი პოსტულატები, რაც საქართველოს აერთიანებს საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემებთან. ესენია: ტერორიზმთან ბრძოლა, უკანონო მიგრაცია, მორღვეული სახელმწიფო საზღვარი, სურსათის უსაფრთხოება, დემოგრაფიული საკითხი, განათლება და ა.შ. თუ საქართველომ დემოგრაფიული პროცესი გაწყვიტა და არ გვეყოლება განათლებული მომავალი თაობა, ეს ქვეყანა ტურებს, მგლებს ან ამერიკელებს დარჩებათ.

ბატონო ვალერი, როგორც ვიცი, საქართველოს ახალი ხელისუფლებისგან თანამშრომლობის შემოთავაზება არ გქონიათ. ასეთი წინადადების შემთხვევაში, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებდით და რა სფეროში გექნებოდათ მუშაობის სურვილი?

– თუ სურვილს გამოთქვამენ, სიამოვნებით გავუწევდი კონსულტაციებს ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაზე.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის თემა. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლებს საქართველოს ახალი ხელისუფლება ამ საკითხის მოგვარებას?

– აუცილებელია, რომ საქართველომ დაიწყოს ამ ურთიერთობების აღდგენა ეტაპობრივად. ეს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია. თუ ჭკუა გვაქვს, ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ კეთილმეზობლური დამოკიდებულების დასაბრუნებლად. უტვინო, მავნებლურ და საზიანო საგარეო პოლიტიკის შედეგად ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები. ამაზე სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას და გამოძიებულ იქნეს არა მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომის გამომწვევი მიზეზები, არამედ წინმსწრები პროცესებიც.

მიმაჩნია, რომ რუსეთთან ურთიერთობის დასაწყებად გადაკვეთის წერტილების მოძებნა შესაძლებელია. ამას ხანგრძლივი მუშაობა სჭირდება. ახალმა ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ამ საკითხის მოგვარება. მთავარია, გადაიდგას პირველი ნაბიჯები. რუსეთში ყოველთვის იყო პოლიტიკური ნება ამ ურთიერთობების დასაწყებად და იმედი მაქვს, ივანიშვილის მთავრობა ამას გამოიყენებს.

– 8 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეთ. ეს მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებით იყო განპირობებული?

– დიახ, პირველ რიგში, ხელისუფლების ცვლილებამ გადამაწყვეტინა საქართველოში დაბრუნება.

მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს იმის გამო, რომ მან საკმაოდ მძიმე ტვირთი აიღო თავის თავზე. მე პრემიერ-მინისტრს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მისი ქმედებები მეტყველებს მაღალ ზნეობასა და პატრიოტიზმზე.

განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ქართველ ახალგაზრდებს. ეს ანგარიშგასაწევი ძალაა. კარგი იქნება, ახალგაზრდებმა აქტიურობა განაგრძონ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს თვალყური ადევნონ.

– დიდი მადლობა, ბატონო ვალერი, რომ გამონახეთ ჩვენთვის დრო (როგორც ვიცით, თქვენთან შეხვედრა სურთ უამრავ მეგობარს, ყოფილ თანამშრომლებს, ჟურნალისტებს და სხვ.), გამოეხმაურეთ ჩვენს წინადადებას და მობრძანდით საქინფორმში. გილოცავთ შინ დაბრუნებას და დამდეგ ახალ წელს!

(როგორც ყოველთვის, გენერალი ჩხეიძე ფორმაშია, ძალებითა და ოპტიმიზმით აღსავსე, და ეს სასიხარულოა, რადგან საქართველოს მისნაირი პატრიოტი და პროფესიონალი ბევრი არ ჰყავს).

ესაუბრა ნატა წერეთელი

საქინფორმი