სამართალი
ვანო მერაბიშვილის ბიძა ახალციხის იზოლატორიდან თბილისში გადმოიყვანეს

1-tumaniSviliiსაქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის ბიძა, შპს „ტაოს“ ხელმძღვანელი ლევან თუმანიშვილი, რომელიც 14 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს, ახალციხის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან თბილისში, საუნივერსიტეტო კლინიკაში, გადმოიყვანეს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ცნობით, თუმანიშვილი გუშინ საღამოს შეუძლოდ გახდა. მას შაქრიანი დიაბეტი და ასთმა აწუხებს. ექიმ გივი მაისურაძის თქმით, პაციენტს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გარდამავალი მოშლა აღენიშნება. მედიკოსები მის მდგომარეობას საშუალო სიმძიმით აფასებენ.

ბიზნესმენს პროკურატურა ყალბი დოკუმენტების დამზადებასა და ხე-ტყისა და მწვანე ნარგავების უკანონო ჭრაში ადანაშაულებდა, რის შედეგადაც გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობამ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ოფიციალური განცხადების თანახმად, 150 000 ლარი შეადგინა.

დაკავებულის ადვოკატ მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუმანიშვილს ბრალი უკვე წაუყენეს, დღეს კი მის მიმართ აღმკვეთი ღონისძების საკითხს განიხილავენ. ადვოკატისავე თქმით, გამოძიებას თუმანიშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ მოეპოვება.