საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. 14 დეკემბერს, პარასკევს, ჟენევის ერთ-ერთ გარეუბანში რფ-თან ურთიერთობების საკითხში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა, და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის დეტალებსაც საზოგადოება დღეს შეიტყობს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
„იტარ-ტასის“ ცნობით, „ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ეს შუამავალთა გარეშე ორი ქვეყნის მთავრობების წარმომადგენელთა პირველი შეხვედრაა“.
აბაშიძისა და კარასინის მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ ცნობილი გახდა გასული კვირის დასაწყისში. ამასთან, აბაშიძე აცხადებდა, რომ ამ შეხვედრას ფორმალური ხასიათი ექნებოდა და „ტექნიკური ხასიათის“ საკითხებს განიხილავდნენ.რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის შეფასებით, ჟენევაში გამართული ქართულ-რუსული არაფორმალური შეხვედრა „პირველი ასეთი კონტაქტის კვალობაზე, არ იყო ცუდი“. „მოვილაპარაკეთ, რომ ჩვენი დიალოგი რეგულარულ საფუძველზე გაგრძელდება და ვიმსჯელეთ ამ ფორმატის ტექნიკურ ასპექტებზე“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მოგვიანებით განცხადება გააკეთა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაია ფანჯიკიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ „ამ შეხვედრისგან განსაკუთრებულს არაფერს ველით“.
„განხილული იქნება ასეთი შეხვედრების პერიოდულობა და გამართვის ადგილი. შეხვედრები ყოველთვის შვეიცარიაში არ მოეწყობა“, – განმარტა მან.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ჟენევაში, სადაც აღნიშნული შეხვედრა გაიმართა, ბოლო რამდენიმე წელია, კონსულტაციები მიმდინარეობს რუსეთსა და საქართველოს შორის, ასევე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან.
ზემოაღნიშნული შეხვედრა საქართველოში მთავრობის შეცვლის შემდეგ გაიმართა. ახალ მთავრობას არაერთხელ განუცხადებია, რომ განზრახული აქვს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება და რუსეთის ბაზარზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დაბრუნება. თუმცა, ამასთან, ამჟამინდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლებისა და პრეზიდენტის პოზიციას იზიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით. ოფიციალური თბილისი მათ „რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად“ მიიჩნევს. ახალ მთავრობაში, ასევე, აღნიშნეს, რომ რფ-თან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა მანამდე არ იგეგმება, სანამ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის საელჩოები მოქმედებს. პრემიერ ივანიშვილის თქმით კი, ამავე მიზეზით იგი რუსეთში ვიზიტს არ აპირებს.