საზოგადოება
სამეურვეო საბჭომ ჭანტურიას განცხადება დააკმაყოფილა

1-Wanturia-sazogadoebaa3საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით დაკმაყოფილებულ იქნა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის – გია ჭანტურიას – განცხადება თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ.

თავად ჭანტურია ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ტელეკომპანიის სტრატეგიული გეგმის ნაწილში გარკვეული წარმატებების გვერდით იყო ხარვეზებიც: „წარმატებებია მიღწეული ტექნიკური გადაიარაღების ნაწილში, დამოუკიდებლობის ხარისხის ნაწილში, სარედაქციო მიმართულებით, თუმცა, ამავე დროს, უნდა განხორციელებულიყო იმ სტრატეგიული გეგმის სხვა ნაწილი, რაც მოიცავდა სერიოზულ ორგანიზაციულ ცვლილებებს. მე ვთვლი, რომ ამ ნაწილში ვერ შევძელი ამის სწორი მიმართულებით წარმართვა“.

როგორც  სამეურვეო საჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე განმარტავს, ევროპის მაუწყებელთა კავშირისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ ერთობლივად დამტკიცებული სტრატეგიული გეგმის შესრულების სხვადასხვა ეტაპზე წარმოქმნილმა ხარვეზებმა საზოგადოებრივ მაუწყებელში გამოიწვია მართვის კრიზისი. „ამის გათვალისწინებით სამეურვეო საბჭომ დააკმაყოფილა გენერალური დირექტორის – გია ჭანტურიას, განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. საბჭო მადლობას უხდის ბატონ ჭანტურიას გაწეული სამუშაოსთვის იმ რთული პირობების გათვალისწინებით, რომელშიც მას უხდებოდა მუშაობა და მიიჩნევს, რომ მისი ხელმძღვანელობით დაწყებული მაუწყებლის რეფორმირებისა და დამოუკიდებლობის დამკვიდრების პროცესი კვლავაც გაგრძელდება“, – აღნიშნა გახელაძემ.

კანონის შესაბამისად, სამეურვეო საბჭომ  დღევანდელ სხდომაზევე მიიღო გადაწყვეტილება, დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულიყო მაუწყებლის ტექნიკური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი.