საზოგადოება
საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. ავღანეთში დაჭრილი სამხედროების სარეაბილიტაციოდ საქართველო საკუთარ სამედიცინო ცენტრს გახსნის. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა. მისივე თქმით, ამაში თავის წვლილს აშშ შეიტანს.
ალასანიას თქმით, ავღანეთში დაჭრილი ქართველი ოფიცრები დღეს სამშობლოსგან შორს მკურნალობენ. „რეაბილიტაცია აქ უნდა გაიარონ, რათა შემდეგ სამხედრო სამსახურს დაუბრუნდნენ“, – აღნიშნა მინისტრმა და იქვე განმარტა, რომ ამისათვის „სახელმწიფო პროგრამა შეიქმნება“.მინისტრისავე განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება ავღანეთში დაღუპულთა სახელების უკვდავსაყოფად.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ავღანეთში ნატოს ISAF-ის მისიაში მონაწილეობისას საქართველომ 18 კაცი დაკარგა, დაჭრილთა რაოდენობა კი უცნობია. ამასთან, საქართველო ავღანეთში ყველაზე დიდი რიცხოვნობით წარმოდგენილი ქვეყანაა, რომელიც ნატოს წევრი არ არის.