„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა ისაუბრა ახალი ხელისუფლების მიერ ზეწოლებზე. მან ამ ფონზე ყურადღება გაამახვილა მმართველი პარტიის მიერ არჩევნებში დამარცხების აღიარების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ „საქართველომ არ უნდა დაკარგოს უნიკალური შანსი – ქვეყანაში შენარჩუნდეს და გაღრმავდეს დემოკრატია და ოპოზიციურ პარტიებს მიეცეთ სრულფასოვანი ფუნქციონირების საშუალება“. მისი თქმით, ოპოზიციას სურს, რომ ხელისუფლებამ დაუპირისპიროს იდეები, დაპირებების ასრულება და არა პროკურატურაში დაბარება.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ახალი პოლიტიკური სიტუაციის პირობებში უნდა გაგრძელდეს საქართველოსთან ურთიერთობის განვითარება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ოპოზიციასთან შეხვედრები. „ჩვენ ხაზი გავუსვით დემოკრატიული გზის გაგრძელების მნიშვნელობას, რომლის დემონსტრირებაც მოხდა არჩევნებისა და ხელისუფლების ცვლილების გზით“, – აღნიშნა ბილდტმა.
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოლაი მლადენოვი დაინტერესებულია ახალი ხელისუფლების პრიორიტეტებით.„უნდა გავიგოთ, თუ როგორ ხედავენ ისინი დემოკრატიის კონსოლიდაციას, ასევე, უნდა გავიგოთ ოპოზიციის აზრი და გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობებში“, – აღნიშნა ოპოზიციასთან შეხვედრაზე მლადენოვმა.