საზოგადოება
მაკარტი: „რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე გავლენას არ მოახდენს“

1-Deborah_McCarthyსაქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. დღეს აშშ აქცენტს აკეთებს საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებასა და კანონის უზენაესობაზე. ვაშინგტონი მიესალმება საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის აქტიური და მშვიდობიანი მონაწილეობით მიღებულ შედეგს და ქვეყნის მხარდაჭერას განაგრძობს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ეკონომიკისა და ბიზნესურთიერთობების საკითხებში დებორა მაკარტიმ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური განვითარების გზა შესაძლოა, რთული იყოს და ამის მაგალითს აშშ-ში არსებული ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული პოლიტიკური სიტუაცია წარმოადგენს, თუმცა, ეს პროცესია, რომელიც მრავალპარტიულ პოლიტიკურ რეალობას ასახავს. „საქართველოსთვის მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის მიღწევა... ამასთან, აშშ საქართველოს ახალ ხელისუფლებას მოუწოდებს, დაიცვას კანონი მთავრობის ყოფილ ჩინოვნიკთა დაკავებისას“, – აღნიშნა მაკარტიმ.

ეს განცხადებები მან ვაშინგტონში გამართულ ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს საიუბილეო, მე-15 კონფერენციაზე, გააკეთა.

ამასთან, სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დადებითად შეაფასა საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობათა აღდგენის პერსპექტივები და აღნიშნა, რომ ეს პროცესი ხელს არ შეუშლის საქართველო-ამერიკის წარმატებულ ურთიერთობებს. მისივე განცხადებით, აშშ-ს სურს, რომ საქართველო ნატოს დაუახლოვდეს და, ამავე დროს,  რუსეთთან ურთიერთობები გაიუმჯობესოს.