სამართალი
საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავარ პროკურატურას რუსეთიდან არავითარი დოკუმენტი არ მიუღია გივი თარგამაძესთან დაკავშირებით. ამის შესახებ გაზეთ „ვზგლიადს“ საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს. პროკურატურის წარმომადგენლის თქმით, თუ მოთხოვნა გამოგზავნილია, ის „ორ-სამ დღეში მაინც ვერ მოვა“ და „ამას რამდენიმე დღე დასჭირდება“.
ამასთან, საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით: „საქართველო თავის მოქალაქეებს არავის გადასცემს“.
ამ ეტაპზე თარგამაძის მიმართ ბრალდებების კომენტარებისგან პროკურატურამ თავი შეიკავა. „ვნახოთ, რას გამოგვიგზავნიან რუსეთიდან“, – აღნიშნეს პროკურატურაში.კომენტარები ამ საქმის თაობაზე ჯერჯერობით არც დეპუტატს გაუკეთებია.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ თარგამაძეს რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები რუსეთის ოპოზიციის დაფინანსებასა და ბოლოტნაიას მოედანზე არეულობების დროს მისი ლიდერების ხელმძღვანელობაში ადანაშაულებენ.
ცნობისათვის: რფ-ის საგამოძიებო კომიტეტმა დაადასტურა მტკიცებულებების არსებობა ზემონახსენებ ბრალდებებთან დაკავშირებით. ამასთან, უახლოეს ხანებში ისინი საქართველოსგან სამართლებრივ დახმარებას მოითხოვენ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში.