როგორც შეხვედრის შემდეგ თეა წულუკიანმა განაცხადა, ახალი ხელისუფლების მიზანი ისეთი სისტემის აწყობაა, რომ მათი წასვლის შემდეგ სხვებმა შეძლონ ქვეყნის წარმატებით მართვა: „მე და ბატონმა არჩილმა დავადასტურეთ ის, რასაც წინა მთავრობა არასდროს ამბობდა, რომ ჩვენი მიზანია, როცა ხელისუფლებაში აღარ ვიქნებით, დავტოვოთ გამართული სისტემა, რათა სხვებმა წარმატებით გააგრძელონ საქმიანობა“.
არჩილ კბილაშვილის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს აინტერესებდათ, უშუალოდ უწყების ხელმძღვანელთაგან მოესმინათ, რა მდგომარეობაა იუსტიციისა და მართლმსაჯულების სფეროში – რა ხორციელდება, რა გეგმებია და პრობლემების შემთხვევაში, რით შეუძლიათ დახმარება. მისი თქმით, ამ გულთბილ შეხვედრაზე იყო სრული ურთიერთგაგება.
მთავარი პროკურორის თქმით, პროკურატურისთვის მნიშვნელოვანია, ყველა გადაწყვეტილება ემყარებოდეს კონკრეტულ მტკიცებულებებსა და დოკუმენტებს, ამიტომაც საქმიანობის გამჭვირვალობის მიზნით, ქვეყნდება ყველა ის მტკიცებულება, რომლებიც ხელთ აქვს პროკურატურას პასუხისგებაში მიცემულ პირთა მიმართ.
კბილაშვილი გამოეხმაურა ამერიკელ სენატორთა განცხადებასაც და აღნიშნა, რომ მისი მხრიდან პოლიტიკოსთა განცხადების შეფასება სცილდება მის კომპეტენციას. თუმცა, „თუკი ვინმე თვლის, რომ დაკავებებს არ აქვს სამართლებრივი საფუძველი, ამ შემთხვევაში გვმართებს ის, რომ ამ ადამიანებს მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია, ჰქონდეთ მათ სრულყოფილი საშუალება, რომ გაეცნონ მასალებსა და იმ რეალობას, რაც არის“, – აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა.