აქტუალური
SMS – მერიის საკომუნიკაციო ენა მძღოლებთან

1-sms-aqtuaaluri3საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. დედაქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებმა და ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარე ლავრენტი ალანიამ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ალანიას თქმით, მერიამ მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლების 16-პუნქტიანი მოთხოვნა, დაპირების მიუხედავად, არ შეასრულა და ხელფასების მომატების თაობაზე ინფორმაცია მძღოლების ნაწილს მხოლოდ მოკლე სატელეფონო შეტყობინებით პერსონალურად აცნობა.

„დიალოგის გარეშე, sms-ებით მოუვიდათ მძღოლებს კორპორაციულ ნომრებზე ინფორმაცია კაბინეტებში გადაწყვეტილი ხელფასის მომატების შესახებ... ეს ნიშანია იმის, რომ კომუნიკაცია, ურთიერთობა, დიალოგი არ არსებობს კომპანიის ხელმძღვანელობასა და მძღოლებს შორის“, – აღნიშნა ალანიამ.

მისი თქმით, მერიის მიერ გამოყოფილი სახელფასო ფონდის 20%-იანი დანამატი უნდა გადანაწილებულიყო მძღოლების წარმომადგენლობით კომისიასთან ერთად, თუმცა მომატებები გადაწყდა მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს მონაწილეობით კაბინეტებში, რომლის შემადგენლობაც უცნობია, და გაურკვეველია, ვის რამდენი და რა პრინციპით მოემატა.

მძღოლების განცხადებით, ამ ვითარებით ვიღაცას კიდევ უნდა, სიტუაცია არიოს და მძღოლებს კვლავ გაფიცვისკენ უბიძგოს. ისინი მიმართავენ მერიას, განუმარტონ, „რა პრინციპით მოხდა ხელფასების მომატება 5 000 ადამიანზე“,რომელთა შორის მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურე ყველა პერსონალი შედის, მაღალი ეშელონების ჩათვლით.