აქტუალური
თეა წულუკიანი ფრანგული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

1-Teawulu-aqtuaa1საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. საფრანგეთში ვიზიტის დროს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წამყვანი ფრანგული გამოცემებისა და ტელეარხების ჟურნალისტებს შეხვდა.

მინისტრი  საქართველოში მიმდინარე პროცესებზე სხვადასხვა მედიასაშუალების საერთაშორისო მიმომხილველებს ესაუბრა. მათ შორის,  ერვე ტუტენს (რადიო „France Infos“), პიერ რუსლენს („Figaro“), ელენ დესპიკ პოპოვიჩს („Liberation“), ჟაკ უბერ-როდიეს (გაზეთი „les echos“), ვენსან ჟოვერის (ჟურნალი „Le Nouvel Observateur“), აქსელ ჟილდენს („L'express“), ვენსან ერვუეს („TF1/LCI“), ჰაროლდ ჰიმანს („BFM TV“).

ტელეარხ  „France 24“ -ს გადაცემისთვის „I'Entretien“ თეა წულუკიანმა  ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

მინისტრისა და ფრანგული მედიის წარმომადგენლების შეხვედრაზე საუბარი 1 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს შეეხო. თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველო ინარჩუნებს იმ კურსს, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია – ეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრების კურსი და დასავლური ღირებულებების დამკვიდრებისკენ სწრაფვაა. მინისტრმა ფრანგ ჟურნალისტებს ის რეფორმები გააცნო, რომელთაც საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ჭეშმარიტი დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებისთვის გაატარებს. ამასთან, წულუკიანი შეეხო ბოლო დროს განხორციელებულ დაკავებებსაც და აღნიშნა, რომ არცერთი ადამიანი არასდროს იქნება დაკავებული საქართველოში, თუკი სამართალდამცავებს მისი დაკავებისთვის საჭირო მყარი მტკიცებულებები არ ექნებათ.

წულუკიანი პარიზში კორუფციასთან ბრძოლის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციასაც დაესწრო.

France 24 -თან ინტერვიუში სამართლებრივ სისტემაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ პროკურატურას და იუსტიციის სამინისტროს უწევს იმ საქმეების ახლიდან გამოძიება, რომელიც წინა მთავრობამ განგებ არ გამოიძია. მაგალითად მას გირგვლიანის საქმე მოჰყავს, რომელზეც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს მაღალჩინოსნებმა განგებ არ მიიყვანეს გამოძიება ბოლომდე.

ხოლო კითხვაზე – ატარებს, თუ არა დაპატიმრებები პოლიტიკურ ხასიათს, მან უპასუხა, რომ საქართველოს პროკურატურაში და იუსტიციის სამინისტროში 5 ათასამდე სარჩელია შეტანილი ძველი მთავრობის მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით, რომელთაგან მხოლოდ 30-ზეა საქმე  წამოწყებული. წულუკიანმა ხაზი გაუსვა, რომ ისინი მხოლოდ საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე განახორციელებენ მართლმსაჯულებას.