პოლიტიკა
ბურჯანაძე ტერმინ „ოკუპანტზე“ უარის თქმის წინადადებას აყენებს

1-nino-politikkk1საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. პარლამენტის ექს-სპიკერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ რუსეთისა და საქართველოს მოსალოდნელ მოლაპარაკებებზე კარგი იქნებოდა რუსეთის პოლიტიკის მიმართ ტერმინ „ოკუპანტზე“ უარის თქმა, როგორც ეს იაპონიამ მოიმოქმედა. ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ „მეცხრე არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა და საზოგადოებას შეახსენა, რომ იაპონიამ რუსეთთან მოლაპარაკებებისას ეს ტერმინი შეცვალა ცნებით „დროებით დაკავებული ტერიტორიები“.

„მთავარი ტერმინი კი არა, შედეგია – სრულმასშტაბიანი დარეგულირება, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თაობაზე პოლიტიკურ მოლაპარაკებებსაც მოიცავს“, – აღნიშნა მან.

ბურჯანაძის შეფასებით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „უაზრო პოლიტიკით რუსეთის ყველა ინტერესის რეალიზება მოახდინა საქართველოში“, კერძოდ, სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით.

„სტაბილურობა კავკასიაში შესაძლოა, მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი თემა იყოს“, – აცხადებს ექს-სპიკერი და იქვე დასძენს, რომ საქართველომ არანაკლებ ორი წელი დაკარგა, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობების დასარეგულირებლად შეიძლებოდა გამოეყენებინა.

„რუსეთთან დაძაბულობის მოუხსნელად საქართველო უსაფრთხოდ ვერ იქნება. მეზობელთან, სუპერსახელმწიფოსთან მტრობის პირობებში საქართველო განვითარებას ვერ შეძლებს“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ გაიხსენა საქართველოში აშშ-ის ელჩ რიჩარდ ნორლანდის განცხადებაც, სადაც იგი პოზიტიურად გამოეხმაურა რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენელთა მოსალოდნელ შეხვედრას.

„ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები მუდამ გვეუბნებოდნენ, რომ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა მნიშვნელოვანია“, – დასძინა ბურჯანაძემ.