საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ: დავით ბეგიაშვილს ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. კერძოდ, ქ. თბილისში, ჭავჭავაძისგამზ. №44-ში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების (არასაცხოვრებელი ფართი 173 კვ მ და სარდაფი 50 კვ მ) თაღლითური გზით მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებაში.
სასამართლო გამოძიების ეტაპზე დაკითხულმა მოწმეებმა თავიანთ ჩვენებაში ვერ მიუთითეს ვერცერთ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელიც დაარწმუნებდა როგორც სახელმწიფო ბრალდებას, ისე სასამართლოს დავით ბეგიაშვილის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლების ჩადენაში. მოწმეებმა მხოლოდ დაადასტურეს ის გარემოება, რომ ჭავჭავაძის გამზირი №44-ში მდებარე ფართი წარმოადგენდა დავით ბეგიაშვილის საკუთრებას, თუმცა რა ფორმით, რა ხერხით ან რა პროცედურების გავლით მოხდა აღნიშნული ქონების დავით ბეგიაშვილის საკუთრებაში გადასვლა, მოწმეების მიერ დადასტურებული ვერ იქნა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ მტკიცებულებების ერთობლივი, ობიექტური და სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა დავით ბეგიაშვილის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, ბრალდებულს აქვს სამართლიანი პროცესის უფლება. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას, შესაბამისად, ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ სასამართლო გამოძიებისას გამოკვლეული მტკიცებულებები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს დავით ბეგიაშვილის მიერ ბრალად შერაცხილი დანაშაულის ჩადენა, რის გამოც, 2012 წლის 05 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მოითხოვა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
პროკურატურის შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა.