საზოგადოება
ზაქარია ქუცნაშვილი: „ქართველები მუსულმანური და ქრისტიანული ნიშნით არ იყოფიან!“

1-winwyar-sazogadoeba2საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი, პარლამენტის წევრი სოსო ვახტანგიშვილი და წალკისა და მანგლისის მიტროპოლიტი, მეუფე ანანია წინწყაროს მცხოვრებთ შეხვდნენ. ზაქარია ქუცნაშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მშვიდობიანი თანაცხოვრების შესახებ შეთანხმება შედგა: ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ქართველებმა ვანახეთ, როგორ შეიძლება, არაძალადობრივი გზით მოვაგვაროთ ერთმანეთში არსებული გაუგებრობები და მტერსაც და მოყვარესაც დავანახვოთ, რომ ქართველები მუსულმანური და ქრისტიანული ნიშნით არ იყოფიან და ჩვენ ერთნი ვართ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ღმერთის მსახურების საქმეში“.

როგორც შეხვედრის შემდეგ ქართველი მუსულმანების წარმომადგენელმა ნადიმ ხოსრევანიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, ჩვენი პოზიცია უცვლელია, გვინდა მეგობრულად ცხოვრება, როგორც აქამდე ვცხოვრობდით. ჩვენც მოვითხოვთ, რომ დაისაჯონ დამნაშავეები, ვინც ხელყო ჯვრები“.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ წინწყაროში რელიგიური დაპირისპირება საერთო სასაფლაოდან ქრისტიანულ ჯვრის მოხსნის ფაქტმა გამოიწვია. სოფელში ცხოვრობენ ბერძნები ასევე ჩასახლებული ეკომიგრანტები აჭარიდან და სვანეთიდან.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ზაქარია ქუცნაშვილმა ქართველი მუსულმანების წარმომადგენლებს „ყურანი“ გადასცა, მეუფე ანანიას კი – წმინდა გიორგის ხატი.

ბოლო დროის რელიგიურ დაპირისპირებებს საქართველოში აშშ ელჩი რიჩარდ ნორლანდიც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოში რელიგიური უმცირესობათა მიმართ ტოლერანტობის ტრადიცია არსებობს და გარდამავალ პერიოდს ეს მიღწევა არ უნდა შეეწიროს.

შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,  სოფელ წინწყაროში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება ამ დროისათვის ამოწურულია, სიტუაცია განმუხტულია და ის  სამართალდამცველების ჩარევას არ  საჭიროებს.