სამართალი
ირმა ინაშვილი: „დაისჯება ყველა დამნაშავე!“

1-irma-samarTaali2საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. გუშინ მედიაკავშირი „ობიექტივის“ დამფუძნელებელი ირმა ინაშვილი პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაკითხვაზე იმყოფებოდა. როგორც მან ამასწინათ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მათ ხელთ არსებული  ვრცელი მასალის ვიდეოჩანაწერის დედნებს, რომლებიც ბრიუსელიდან ჩამოიტანა, პროკურატურას გადასცემდა ციხის სკანდალური კადრების საქმის შესწავლის დახმარების მიზნით.
„ვინაიდან პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას, და ეს საქმე არის ძალიან სერიოზული, ჩავთვალეთ, რომ დავხმარებოდით პროკურატურას და მიგვეწოდებინა ამ მასალების დედნები. ბევრი მასალა აქედან არ ყოფილა გამოყენებული, მივაწოდეთ კონკრეტული დოკუმენტაციაც, რომელიც ხელთ გვქონდა“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დაკითხვის შემდგომ კი ინაშვილი თავის გვერდზე სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ინფორმაციას ავრცელებს, რომ მან თავისი პირადი ინიციატივითა და „ობიექტივის“ საერთო გადაწყვეტილებით მიმართა მთავარ პროკურატურას და მიაწოდა ციხეში წამების ამსახველი კადრების სრული დედნები, რაც ბრიუსელში ინახებოდა.

„მივეცი ოფიციალური ჩვენება, როგორც მოწმემ, და მზად ვარ, როგორც მოწმე, წარვდგე სასამართლოზე. რომ არა ჩემი დიდი ნდობა პირადად მთავარი პროკურატურისა და, საერთოდ, ახალი პროკურატურისადმი, არა ვარ დარწმუნებული, მივცემდი, თუ არა ამ ჩვენებას... რადგან არა ვართ დაცულნი არც მე და არც ჩემი მეგობრები. მე ორი მიზანი მქონდა: პირველი – დავხმარებოდით გამოძიებას, რომელიც ციხეებში პატიმართა წამების ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს და მერე – გამეფრთხილებინა ყველა, ვინც ორი თვეა, აწარმოებს ბინძურ კამპანიას „ობიექტივის“ წინააღმდეგ,– დაისჯება ყველა დამნაშავე! მათ შორის, „შავი კამპანიის“ ორგანიზატორები! დიდი მადლობა მთავარი პროკურატურის ყველა თანამშრომელს... თავდაუზოგავად შრომობენ, გავგიჟდი, რაც ვნახე... და დიდი მადლობა მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს“, – აცხადებს ირმა ინაშვილი.