სამართალი
ოქრუაშვილისა და ახალაიას კონფლიქტი

1-axa-oqru-samarTaaali1საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. გუშინ, 10 დეკემბერს, სასჯელაღსრულების მ-9 დაწესებულებაში, ე. წ. მატროსოვის ციხეში ერთ სართულზე მოთავსებულ ირაკლი ოქრუაშვილსა და ბაჩო ახალაიას შორის კონფლიქტი მოხდა. კერძოდ, ოქრუაშვილმა საკნიდან ახალაიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ აცნობა. კორძაძის თქმით, მისთვის უცნობია, რამ გამოიწვია აღნიშნული კონფლიქტი.

თავის მხრივ, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, ციხეში არანაირი ინციდენტი არ მომხდარა: „უბრალოდ, ოქრუაშვილმა თავისი საკნიდან რაღაც დაიყვირა და მეორემ გაიგონა თუ არა, არც ვიცით. ბადრაგი არც ჩარეულა... ძალიან მიკვირს, რატომ დასჭირდა ოქრუაშვილის ადვოკატს ამ თემით ტრაბახი“, – განაცხადა სუბარმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 4 დეკემბერს ბაჩო ახალაია და ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვზე გადაიყვანეს. სუბარი მაშინ აცხადებდა, რომ ისინი ერთ შენობაში კი არიან, მაგრამ ერთმანეთთან კონტაქტი არ აქვთ.

ოქრუაშვილმა კი საქართველოში ჩამოსვლისთანავე განაცხადა, რომ კატეგორიულად მოითხოვდა იმ დაწესებულებაში გადაყვანას, სადაც „ნაძირალა ახალაიაა“.

დღეს, 11 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება, სადაც სასამართლო სამსახურებრივ გულგრილობასთან დაკავშირებულ მორიგ ეპიზოდზე იმსჯელებს.