აქტუალური
საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთთან ურთიერთობების საკითხში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე მიმდინარე კვირას, სავარაუდოდ, შვეიცარიაში რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე გრიგორი კარასინს შეხვდება. ამის შესახებ მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
აბაშიძის განმარტებით, შეხვედრა ტექნიკური ხასიათის იქნება, სადაც საორგანიზაციო საკითხები განიხილება იმის თაობაზე, თუ როგორ წარიმართება ურთიერთობა ორ მხარეს შორის. სპეციალური წარმომადგენლის თქმით, მოსკოვის განცხადება დიალოგის გამართვისთვის მზაობის შესახებ ნიშნავს, რომ ის წინაპირობებს არ აყენებს.„ქართული მხარე არ აყენეს წინაპირობებს. ველით, რომ არც რუსეთი არ წამოაყენებს. ეს ნელი და რთული პროცესია და შედეგები სწრაფად არ იქნება მიღებული“, – აღნიშნა მან და იქვე დასძინა, რომ მისასალმებლად მიიჩნევს რუსული მხარის განცხადებას სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისა და რეგულარული რეისების აღდგენის თაობაზე.
შეგახსენებთ, რომ რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გუშინ, 9 დეკემბერს, რუსეთის პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილ პირებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.