სამართალი
„სიმბოლურია, რომ სწორედ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს დაემთხვა ჩემი პირველი სამუშაო დღე. ეს დღე არის დახუნძლული სხვადასხვა ღონისძიებით. შესაბამისად, ეს დღე არის ერთგვარი შეფასება იმ მდგომარეობის, რაც ქვეყანაში არსებობდა“, – აღნიშნა ნანუაშვილმა მის პირველ სამუშაო დღეს სახალხო დამცველის ოფისში. მისი თქმით, ბევრი ცუდი რამ მოხდა გასულ წელს და იმედოვნებს, რომ „მომავალი წლის 10 დეკემბერი იქნება გაცილებით პოზიტიური, გვექნება მეტი საამაყო, ვიდრე გვქონდა ამ წლის განმავლობაში“.
როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, ზოგადად, ქვეყანაში პოლიტიკა შეიცვალა, შედეგად კი ხელისუფლებისთვის ადამიანის უფლებები უფრო მნიშვნელოვანი გახდა. მისი თქმით, დადგა დრო, ხელისუფლება ადეკვატურად მოეპყროს იმ რეკომენდაციებს, რომელიც წლების განმავლობაში მზადდებოდა სახალხო დამცველის მხრიდან. ნანუაშვილი იმედოვნებს, რომ სახალხო დამცველის ანგარიშებსა და რეკომენდაციებზე ახალი ხელისუფლების პირობებში „რეაგირება იქნება უფრო ადეკვატური, ვიდრე ეს იყო წლების განმავლობაში“.