საზოგადოება
„თავისუფალ დემოკრატებს“ ახალი თავმჯდომარე ჰყავს

1-qadagiS-saz2საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. გასულ კვირას პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობა გაიმართა, რომელზეც, დელეგატების გარდა, მიწვეულნი იყვნენ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი.

პოლიტიკური მოხსენებით გამოვიდა პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია, ასევე, პარტიის მიერ 2009-2012 წლების განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგები შეაჯამა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა.
„თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გახდა. ის პარტიის ხელმძღვანელად ყრილობის დელეგატებმა ერთხმად დაამტკიცეს.

ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ალასანია პარტიის ერთ-ერთ ლიდერად და გამგეობის წევრად რჩება. ყრილობაზე დელეგატებმა, ასევე, დაამტკიცეს პარტიის ახალი წესდება, გამგეობა განახლებული შემადგენლობით და სარევიზიო კომისია.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი ამიერიდან პოლიტიკურ საქმიანობას „თავისუფალ დემოკრატებში“გააგრძელებს.
„ირაკლი ქადაგიშვილი გახდება პარტიის პოლიტსაბჭოს გამგეობის წევრი. ის ჩემთან ერთად უხელმძღვანელებს პარტიის სტრუქტურულ მშენებლობას და მისი საქმიანობის სრულყოფას როგორც რაიონებში, ისე დედაქალქში“, – განაცხადა ალასანიამ.
როგორც ალასანიამ ქადაგიშვილის წარდგენისას განაცხადა, მან ირაკლი ქადაგიშვილი 1993 წელს სოხუმში გაიცნო, როდესაც ის სოხუმის და აფხაზეთის თავდაცვაში მონაწილეობდა. 
„იმ დღიდან გამიჩნდა დიდი სიმპათიები და დამოკიდებულება ბატონი ირაკლის მიმართ, რამაც განაპირობა კიდეც ჩვენი ერთად ყოფნა პოლიტიკაში“, – აღნიშნა მან.
თავის მხრივ, ირაკლი ქადაგიშვილმა, პარტიის ლიდერს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკური ტაქტიკა შეაფასა როგორც „უშიშარი და თანმიმდევრული“, რაც, მისივე მტკიცებით, უახლოეს წლებში შედეგით დასრულდება.
ცნობისათვის: ირაკლი ქადაგიშვილი აქტიურად მონაწილეობდა 80-იან წლებში დაწყებული ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში; იყო 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების მონაწილე და ამ მოვლენების შემდეგ ჩამოყალიბებული ეროვნული ხსნის მთავარი კომიტეტის წევრი.
ქადაგიშვილი, გიორგი ჭანტურიასთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის აღდგენაში. სხვადასხვა დროს კი ამ პარტიაში პოლიტიკური და გენერალური მდივნის თანამდებობები ეკავა. 1990 წელს ის არჩეულ იქნა ეროვნული კონგრესის პრეზიდიუმის წევრად.
სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა და მონაწილეობდა საქართველოს სახელით წარმოებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოლაპარაკებებში. არის აფხაზეთის ომის მონაწილე.