პოლიტიკა
საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ნატოსა და ეუთოს მინისტერიალების ფარგლებში გამართული შეხვედრები საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ დღევანდელ პრესკონფერენციაზე შეაჯამა. მინისტრის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტისას ფანჯიკიძემ შეხვედრები აშშ-ში, ბელგიაში, ნატოსა და დუბლინში ეუთოს მინისტერიალებზე გამართა.
მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველომ სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაციის – სუამის ხელმძღვანელობა გადაიბარა. „ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა სუამის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა, სადაც საქართველომ გადმოიბარა ხელმძღვანელობა ამ გაერთიანების“, – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მისი თქმით, ორგანიზაციის გაფართოების კუთხით მუშაობა გაგრძელდება, ამ მხრივ შეიძლება კორეა სუამის ახალი პარტნიორი გახდეს.
ფანჯიკიძე მინისტრის რანგში თავის შეხვედრებს წარმატებულად თვლის: „საბოლოო ჯამში, მე ვფიქრობ, ეს იყო ძალიან წარმატებული ვიზიტი, რადგანაც ეს იყო ჩემი პირველი ვიზიტი ამ მინისტერიალებზე, აშშ-ში და პირველი შესაძლებლობა, რომ გამეცნო ჩემი კოლეგები“.