საზოგადოება
სამხედრო პოლიციაში სატელეფონო მიყურადების სამსახური უქმდება

1-mosmena-sazogadoeba1საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებით, სამხედრო პოლიციაში სატელეფონო მიყურადების სამსახური უქმდება,

მოსმენების აპარატები ერთ უწყებას – შინაგან საქმეთა სამინისტროს, გადაეცემა და საზოგადოებრივი კონტროლის ქვეშ იქნება.
„მთავარია, რომ ეს სისტემა დაიშალოს და ჩვენს ხელში კვლავ მოქმედების ბერკეტი არ გახდეს. ამიტომ გადაწყდა, რომ მოსმენების აპარატები ერთ კონკრეტულ უწყებას გადაეცემა და ის აბსოლუტური საზოგადოებრივი კონტროლის ქვეშ იქნება მოქცეული“, – განაცხადა ალასანიამ.

„ჩვენ მწარე გამოცდილება გავაქვს ბოლო წლებში, რომ ამ შესაძლებლობას იყენებდნენ სრულიად პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ. ჩვენ არ გვინდა, რომ ასეთი შესაძლებლობა დავიტოვოთ ჩვენს უწყებაში. პრაქტიკულად, ეს არასდროს არ გამოყენებულა ჩემი მოსვლის შემდგომ და ახლა ამ ტექნიკური ფუნქციის ჩამოცილებაც გვინდა. ალბათ, მომავალ კვირაში მოხდება ამ გადაწყევეტილების ფორმალიზება და ერთ სტრუქტურაში – შინაგან საქმეთა სამინისტროში თავმოყრა“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.