მთავარი პროკურატურის განცხადების თანახმად, „გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის 20 სექტემბერს, დაახლოებით 19 საათსა და 30 წუთზე, გლდანის მე-8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსმა ინსპექტორმა სერგო ბიწაძემ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის მე-8 დაწესებულების დირექტორ ალექსანდრე მუხაძესა და მასთან დაახლოებულ პირ რ. მ.-თან ერთად, მუხაძის „TOYOTA „PRADO“-ს მარკის სამსახურებრივი მანქანით, გლდანის მე-8 დაწესებულების ე.წ. შლუზიდან, სადაც ავტომანქანით შესვლის უფლება მხოლოდ საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებს აქვთ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 176-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და „პატიმრობის კოდექსის“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნათა უხეში უგულებელყოფით, გამოიყვანა ხელბორკილდადებული პატიმარი სერგო თეთრაძე და წაიყვანა დაუდგენელ ადგილას.
დაახლოებით 4-5 საათის შემდეგ იმავე მანქანით სერგო თეთრაძე დაწესებულებაში დააბრუნეს. მას აშკარად ეტყობოდა ფიზიკური ზემოქმედების კვალი, რითაც დაირღვა სერგო თეთრაძის კანონიერი ინტერესი.
აღნიშნული ქმედების გამო 5 დეკემბერს სერგო ბიწაძეს ბრალი დაედო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. დაუსწრებლად წაეყენა ბრალი ალექსანდრე მუხაძესაც, რომლიც საქართველოში არ იმყოფება“.
წუხელ გვიან დასრულებულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ალექსანდრე მუხაძეს პატიმრობა შეუფარდა, სერგო ბიწაძეს კი გირაო – 8 ათასი ლარის ოდენობით.