საზოგადოება
პარლამენტის საპროცედურო კომიტეტი ხაჩიძის მშობლების სახლის ჩხრეკის ფაქტს შეისწავლის

1-xaCiZe-sazogadoebaa3საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო კომიტეტი დღეიდან უმცირესობის წევრის, დეპუტატ გოგა ხაჩიძის მშობლების სახლის ჩხრეკის ფაქტს შეისწავლის. კომიტეტს ეს დავალება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მისცა, რომელსაც საპარლამენტო უმცირესობამ შესაბამისი განცხადებით მიმართა.

უმცირესობის განცხადებაში ნათქვამია, რომ რაკიღა დეპუტატის სახლში ჩხრეკა განხორციელდა, რაც სპეციალურ ნებართვას ითვალისწინებდა, საკითხი საპროცედურო კომიტეტმა უნდა შეისწავლოს.

შეგახსენებთ: ჩხრეკა ხაჩიძის მშობლების სახლში, ხაშურის რაიონის სოფელ ურთხვაში, რამდენიმე დღის წინ ჩატარდა, რა დროსაც ამოღებული იქნა ავტომატის სამი ცარიელი მჭიდიდა ერთი ჯავშანჟილეტი.

პარლამენტის საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილის განცხადებით, ამ შემთხვევაში დეპუტატის იმუნიტეტი გავლენას ვერ იქონიებდა, რადგან თავად ხაჩიძე რეგისტრირებულია მხოლოდ თბილისში.

გუშინ, 6 დეკემბერს,  გოგა ხაჩიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი მშობლების უძრავ ქონებას ყადაღა დაადეს. თუმცა, ეს ინფორმაცია უარყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომლის მონაცემებითაც, მიწის საგადასახადო დავალიანების გამო ხაჩიძის მამის უძრავ ქონებას, სხვა უამრავ მოქალაქესთან ერთად, რომელთაც პროგრამა ვერ ასხვავებს, ავტომატურად დაედო საგადასახადო გირავნობა, რისგანაც ვალის გადახდისთანავე გათავისუფლდება.

„მევლუდ გიორგის ძე ხაჩიძის საკუთრებაში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებას, მიწის გადასახადის გადაუხდელობის გამო, სპეციალური პროგრამის საშუალებით, ავტომატურ რეჟიმში, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა დაედო და არა ყადაღა, როგორც ამას დეპუტატი, გიორგი ხაჩიძე აცხადებს… მ. ხაჩიძის დავალიანება შეადგენს 235 ლარსა და 13 თეთრს, რასაც საურავის სახით დარიცხული აქვს 3 ლარი და 46 თეთრი. დავალიანების დაფარვისთანავე, ავტომატურად, პროგრამა გააუქმებს საგადასახადო გირავნობას“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში.