სამართალი
„ავტომატების საქმეს“ გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნა

1-iaraRi-samarTalii3საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ბაჩანა ახალაიას მინისტრობის პერიოდში 12 მლნ-მდე ევროს ღირებულების მეორადი და კუსტარულად შეკეთებული „აკ-47“ და „აკს-47“ ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის არსენალი შეიძინა. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა განაცხადა გუშინ, 6 დეკემბერს, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე. მისივე თქმით, ე.წ. ავტომატების საქმეს გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნა. ავალიანის განმარტებით, ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს სამინისტრო არამიზნობრივ ხარჯვას ახორციელებდა და მილიონობით ლარს რიცხავდა ოფშორულ ზონებში, შედეგად კი საქართველო მოძველებულ ტექნიკას იძენდა.

„დოკუმენტების თანახმად, 1 ავტომატში გადახდილია 290 ევრო, რეალური საბაზრო ღირებულება კი 50 ევროს ფარგლებში მერყეობს. შესაბამისად, რადგანაც სახეზეა აშკარა დანაშაულის ნიშნები, ეს საქმე საქართველოს პროკურატურას გადაეგზავნება“, – განაცხადა ავალიანმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა ანდრო გოცირიძემაც, რომლის განმარტებითაც: „ცხადია, პირადად მინისტრი არ ახორციელებს ამ მოქმედებას. ჩვენ ვატარებდით სამსახურებრივ მოკვლევას, გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები, რის შედეგადაც ვალდებული ვართ, ვაცნობოთ სამართალდამცველ ორგანოებს“. გოცირიძის ვარაუდით, ადგილი ჰქონდა კორუფციულ გარიგებას.

ტენდერების გარეშე შესყიდული იარაღის საქმეზე განცხადება გააკეთა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამაც, რომელიც ირწმუნება, რომ ის, როგორც თავდაცვის მინისტრი, ყოველთვის მუშაობდა ქართული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და ძალიან წუხს, რომ საქართველოში გრიფით „საიდუმლოს“ მიკუთვნებული საკითხების გასაჯაროება ჩვეულებრივ ამბად იქცა, „მაშინ, როდესაც ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში მსგავსი ქმედება აღქმული იქნებოდა სახელმწიფოს ღალატად“.

„თავდაცვის სამინისტრო საქმიანობდა გამჭვირვალობის პრინციპზე დაყრდნობით და ინფორმაციის უმრავლესობა იყო ღია, თუმცა რიგი საკითხებისა, ბუნებრივია, საიდუმლოა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გახდეს საჯარო, მაშინ, როდესაც ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და ქართულ სახელმწიფოებრიობას უქმნის საფრთხეს. ასევე, მინდა, აღვნიშნო, მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას არცერთ ჩემს ქმედებასთან დაავშირებით, მაგრამ, მიუხედავად ჩემ წინააღმდეგ მოქმედი შავი პიარისა, სახელმწიფო საიდუმლოებას ვერ გავცვლი ჩემს პირად ინტერესებზე“, – აღნიშნა ბაჩო ახალაიამ თავის განცხადებაში.