სამართალი
ვანო მერაბიშვილი დაკითხვაზე ხელმეორედ დაიბარეს

1-merab-samarTalii2საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. ყოფილი შს მინისტრი, ექს-პრემიერი, ამჟამად კი  „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა საგამოძიებო ნაწილში განმეორებით დაკითხვაზე გამოცხადდა. ჯერჯერობით უცნობია, რა თემებზე მოუწევს ყოფილ პრემიერს განმარტებების გაკეთება.

შეგახსენებთ, რომ შსს განცხადებას ავრცელებს კიდევ ერთი ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვების ფაქტზე, რის შესახებაც საქინფორმი დღეს იტყობინება. ამ თემასთან დაკავშირებით მერაბიშვილი ერთი კვირის წინ უკვე იყო დაბარებული შსს საგამოძიებო ნაწილში საზღვარზე ყალბი პასპორტის გამოყენების მცდელობასთან დაკავშირებით, თუმცა მან გამოძიებასთან არ ითანამშრომლა.

მერაბიშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით კომენტარები გაკეთდა პარლამენტშიც, სადაც უმცირესობა პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს, უმრავლესობის წარმომადგენელ თინა ხიდაშელის თქმით კი, მერაბიშვილმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლა და უარი თქვა ვიდეოგადაღებაზე; ხოლო პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილისთვის გაცილებით მტკივნეულია საკითხი, თუ ქვეყანაში, ზოგადად, ასეთი პრაქტიკა იყო დამყარებული წინა ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც უფრო სერიოზულ პრობლემებთან გვექნება საქმე.

დაკითხვაზე შესვლამდე მერაბიშვილმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ორი დღის წინ მიღებული გადაწყვეტილებით პარლამენტმა „პოლიტპატიმრად აღიარა რუსეთის აგენტები, ის ადამიანები და ის ტერორისტები, ვინც ძირს უთხრიდა ქართულ სახელმწიფოებრიობას, და, შესაბამისად, აპირებენ მათ განთავისუფლებას. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, ძალიან ლოგიკურია, რომ ადამიანი, ვინც ებრძოდა ამ ადამიანებს, იცავდა ქართულ სახელმწიფოებრიობას, დადიოდეს დაკითხვაზე“.