საზოგადოება
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარე“ დღეს საზოგადოებას ხვდება

1-rezo-sazooo1საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. დღეს, 7 დეკემბერს, 18:00 საათზე, აკაკი ხორავას სახელობის თეატრის მოღვაწეთა კავშირის დარბაზში (მისამართი: გ.ლეონიძის ქუჩა №11, სოლოლაკი), გაიმართება საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარეს“ შეხვედრა საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარე“, რომელიც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიქმნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით, წარმოადგენს მოქალაქეთა აპოლიტიკურ, არაკომერციულ გაერთიანებას, რომელშიც გაერთიანებულნი არიან ჩვენი საზოგადოების კულტურის, მეცნიერებისა და ხელოვნების ღვაწლმოსილი წარმომადგენლები. მოძრაობა „ლაზარეს“ მიზანია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მონიტორინგი და მათი ანალიზი, ქვეყანაში საზოგადოებრივი სექტორის გააქტიურების გზით მონიტორინგის გაწევა საქართველოს სახელმწიფოებრივი პოლიტიკის სამართლებრივ ფორმირებასა და მის თანამიმდევრულად განხორციელებაზე.

მოძრაობა ხელისუფლების საქმიანობაზე მონიტორინგს განახორციელებს შემდეგ სფეროებში: 1.დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე; 2.საარჩევნო პროცესებზე; 3.მედიაზე; 4.განათლებაზე; 5. კულტურის (კულტურული მემკვიდრეობის) დაცვაზე; 6.სამედიცინო სფეროს სრულფასოვან განვითარებაზე; 7. სოფლის მეურნეობის განვითარების ჯეროვან ხელშეწყობაზე; 8.ეკოსისტემის (ბუნებისა და გარემოს) დაცვის უზრუნველყოფაზე; 9. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონკორდატის შესრულებაზე; 10. სოციალურ, მეცნიერულ და სხვა სფეროებში.

მოძრაობის მიზანია ილია ჭავჭავაძის „საერთო ნიადგის“ თეორიის როგორც ქართული პოლიტიკური ფილოსოფიის უმნიშვნელოვანესი საფუძვლის სახელისუფლებო ორგანოებისთვის რეკომენდაციის შემუშავებას (რაც გულისხმობს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის, დარგობრივი კონცეფციების, საქართველოს ბუნებრივ-ისტორიული განვითარების მიხედვით საქართველოს კონსტიტუციის ამოქმედებას), საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობას.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარეს“ დამფუძნებელი და თავმჯდომარეა ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე რეზო ამაშუკელი.