პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი პოლონეთში

politika-2საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებს შორის ვარშავაში გუშინ ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. როგორც ბრონისლავ კომოროვსკიმ შეხვედრისას აღნიშნა, პოლონეთი კვლავაც აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

პოლონეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ განხორციელებული რეფორმებისა და დემოკრატიულად გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აღმოსავლეთპარტნიორობის სამიტზე, რომელიც ვილნიუსში გაიმართება, ასოცირებული წევრობის თაობაზე შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ექნება.

მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთში ვიზიტის მნიშვნელობის შესახებ კომენტარში აღნიშნა, რომ ევროპაში ვიზიტებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მისი თქმით, საქართველოში გამართული დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ფონზე, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს უნდა მიაღწიოს. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, დეკემბერში ქვეყანას ჰქონდა შანსი, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაედგა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების გზაზე, მაგრამ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ამ შანსის გამოყენების შესაძლებლობა შეაფერხა. თუმცა, პრეზიდენტის განცხადებით, დაკარგული არაფერია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს ხალხის კეთილდღეობისა და ქვეყნის წისვლისთვის. „ვითარების შეფერხების, ყოყმანის ან წაბორძიკების შემთხვევაში, ყველაფერს ვიღონებ, რათა წინააღმდეგობა გადავლახოთ და საქართველომ წინსვლა განაგრძოს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო კავკასიოლოგთა საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში, რომელიც წმ. გრიგოლ ფერაძისა და ჩერქეზების სახელს ატარებს და წმ. გრიგოლ ფერაძის გარდაცვალების 70 წლისთავთან დაკავშირებით მოეწყო (არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე ვარშავის უნივერსიტეტში 1933-42 წლებში მოღვაწეობდა. იგი 1942 წლის 6 დეკემბერს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გარდაიცვალა).

საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის სენატის მარშალ  ბოგდან ბორუსევიჩის გამოსვლასაც გამოეხმაურა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოსა და პოლონეთის მეგობრულ ურთიერთობას დაუთმო. მან ამ ქვეყნის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა და აღნიშნა: „რომ არა პოლონეთის მხარდაჭერა, საქართველო, როგორც სახელმწიფო, ვერ გადარჩებოდა“.