სამართალი
დუდუ დადიანის ოჯახმა სასამართლოს მიმართა

duduსაქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. ცნობილი კალათბურთელის ოჯახმა დუდუ დადიანის მკვლელობის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ექსპრესნიუსი“ ავრცელებს. დუდუ დადიანის მამის, რობიკო დადიანის, თქმით, მიმდინარე წლის 30 ნოემბერს მათ განცხადება შეიტანეს პროკურატურაში.

„იმედი მაქვს, გაიხსნება დუდუს საქმე. ოდესმე ხომ უნდა გაიხსნას? ამ ატაპზე არანაირი ვერსიები არ გვაქვს. ვერ ვხვდები, ვის აძლევდა ხელს ჩემი შვილის მკვლელობა. მაქვს მხოლოდ ის ინფორმცია, რომ ადამიანი, რომელიც ჩემი შვილის მკვლელობას შეესწრო, კიკვიძის ბაღში მოუკლავთ. ჩემი ერთადერთი დასკვნა ის არის, რომ არის ვიღაც გავლენიანი პირი, რომელიც ყველაფერს აფერხებდა, მკვლელობის ადგილზე სასწრაფო დახმარების დროულად მისვლასაც კი. დუდუს გადარჩენა შეუძლებელი რომ ყოფილიყო, ადგილზე პოლიციაც კი გვიან მივიდა. ვეჭვობ, რომ დუდუს მკვლელობის საქმეში ვიღაც მაღალჩინოსანი ურევია“, – აცხადებს რობიკო დადიანი.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ცნობილი კალათბურთელი, საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი, საქართველოს ნაკრების კაპიტანი და იმხანად კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დუდუ დადიანი სპორტის დეპარტამენტის შენობის კიბეზე 2002 წლის 22 იანვარს მოკლეს. აღნიშნული საქმე ამ დრომდე გამოძიებული არ არის.