პოლიტიკა
რასმუსენი: „ნატო დაპატიმრებების საქმეში არ ჩაერევა“

rasmus-politika3საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. საკუთარ ბლოგზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიან შეხვედრას აფასებს და მას ნაყოფიერს უწოდებს.

„ნატო საქართველოსთან ურთიერთობის ერთგული რჩება. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ბუქარესტის გადაწყვეტილების მხარდაჭერა, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება. მივესალმებით ახალი მთავრობის შემართებას, გააღრმავოს რეფორმები, გააძლიეროს დემოკრატია და კანონის უზენაესობა. ჩვენ, ასევე, აღვნიშნეთ, რომ ვაფასებთ საქართველოს შთამბეჭდავ წვლილს ავღანეთის მისიაში“, – აღნიშნავს ნატოს გენმდივანი.

ნატოს ორდღიანი მინისტერიალი ბრიუსელში, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძეც მონაწილეობდა, გუშინ დასრულდა.

გუშინვე, ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, ანდერს ფოგ რასმუსენმა სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვის პასუხად, განაცხადა, რომ ალიანსი საქართველოში მიმდინარე დაპატიმრებების საქმეში არ ჩაერევა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს კანონის უზენაესობას.

„საქართველოს ხელისუფლებამ სრულად უნდა სცეს პატივი კანონის უზენაესობას და დაპატიმრებულ ხალხს სრული საპროცესო უფლებების გარანტია მიეცეს, რათა ეს შემთხვევები არ იყოს აღქმული როგორც პოლიტიკური დევნა. ასეთი აღქმა კი უკიდურესად საზიანო იქნება“, – აღნიშნა რასმუსენმა.