პოლიტიკა
ნოდარ ხადური: „მალე საქართველოში ვიგრძნობთ ამ შეხვედრის შედეგს“

xaduri-politika2საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გერმანიის ბიზნესდელეგაცია მიიღო.

მხარეებმა  საქართველოსა და გერმანიის ბიზნესწრეებს შორის ახალი პარტნიორობის პერსპექტივა განიხილეს.

ნოდარ ხადურის თქმით, სასიხარულოა, რომ გერმანიის აღმოსავლეთ კომიტეტის დირექტორს, პროფესორ რაინერ ლინდნერსთს, რომელსაც დიდი გავლენა აქვს გერმანიის ეკონომიკურ და პოლიტიკურ წრეებზე, ესაუბრა „როგორც პროფესორი პროფესორს“.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გერმანელმა კოლეგებმა საქართველოს მიმართ დიდი ინტერესი გამოხატეს, განსაკუთრებით, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. ისინი დარწმუნდნენ, რომ ქვეყანა ინვესტიციებისათვის უფრო მიმზიდველი გახდა. მხარეებმა ისაუბრეს მრავალ პროექტზე, მათ შორის, ინფრასტრუქტურულ პროექტებში გერმანული მხარის მონაწილეობაზე.

„ძალიან საინტერესო, სასარგებლო შეხვედრა იყო.მალე საქართველოში ვიგრძნობთ ამ შეხვედრის შედეგს. გერმანელი ინვესტორები დიდი სიამოვნებით დააბანდებენ ინვესტიციებს საქართველოში“, – განაცხადა ხადურმა.

რაინერ ლინდნერსთის ბიზნესდელეგაცია ოცამდე ფირმითაა წარმოდგენილი. როგორც გერმანელმა კოლეგამ აღნიშნა, საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურულ, სოფლის მეურნეობისა და ტექნოლოგიური განვითარების პროექტებს, სოციალურ საკითხებს. „ჩვენ გვინდა ამაში ხელშეწყობა, ინვესტირება, სურვილი გვაქვს, ვითანამშრომლოთ ჯანდაცვის სფეროში, ჩავდოთ ინვესტიციები გზებისა და რკინიგზის მშენებლობაში“, – აღნიშნა რაინერ ლინდნერსთმა.

ცნობისათვის: გერმანიის აღმოსავლეთ კომიტეტი ყველაზე დიდი ეკონომიკური გაერთიანებაა, რომელიც ურთიერთობს სამთავრობო დონეზე. კომიტეტში გაერთიანებული არიან BMW, SIEMENS და სხვა მსხვილი კომპანიები.