პოლიტიკა
პრეზიდენტმა გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსი წარადგინა

Stab-politika1საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსი წარადგინა. პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძის კანდიდატურის შერჩევა საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის კონსულტაციების შედეგად მოხდა.

„მნიშვნელოვანი დღეა, რადგან პოლიტიკური ძალები  ვთანხმდებით, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები დგას, ისევე როგორც სამართალდამცავი სტრუქტურები, მთლიანად პოლიტიკის მიღმა“, – მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ახლად დანიშნულ გაერთიანებული შტაბის უფროსს და ხელმძღვანელობას.

ამ ფაქტს საქართველოში აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა. „შიდა პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე იმედის მომცემია საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტის შეთანხმება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის საკითხზე... საქართველოს სტაბილურობა და კეთილდღეობა დამოკიდებულია ორივე მხარის უნარზე, იპოვოს კომპრომისი ეროვნული ინტერესებისათვის. ბრიუსელში, ნატოს საგარეო მინისტრთა შეხვედრის პარალელურად მიღწეული ეს შეთანხმება იმედს გვაძლევს“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

ცნობისათვის: საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების თანახმად, გაერთიანებული შტაბის უფროსს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე  საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს.

როგორც უკვე იუწყებოდა საქინფორმი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 20 წელია მსახურობს. ბოლო პერიოდში ის იყო საქართველოს თავდაცვის ატაშე უკრაინაში, მოლდოვასა და ბელარუსში. მანამდე მას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა.