საზოგადოება
საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის პოლიტიკურ ოპონენტს, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მოლაპარაკების პირისპირ გამართვასა და მათ შორის არსებულ წინააღმდეგობრიობათა დარეგულირებას სთავაზობს.
„საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა, ქვეყნის საშინაო საქმეებზე კონტროლი, ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ახალ მთავრობას გადასცეს და თავისი პრეზიდენტობის ბოლო თვეებში მთლიანად კონცენტრირდეს საერთაშორისო ურთიერთობებზე. სააკაშვილმა ივანიშვილს პირისპირ საუბრისკენ მოუწოდა, რათა წერტილი დაუსვას პოლიტიკური ჩიხის სიტუაციას“, – წერს გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“. გამოცემის თქმით, სააკაშვილი შიშობს, რომ პრემიერსა და მას შორის არსებულმა კონფლიქტმა შესაძლოა, დასავლეთის ქვეყნები აიძულოს, საქართველოს მხარდაჭერა შეწყვიტონ. სახელმწიფოს მეთაურის თვალსაზრისით, ეს დაასუსტებს საქართველოს პოზიციას რუსეთთან დაპირისპირებაში, რომელიც თავის მთავარ მოწინააღმდეგედ მიაჩნია. „ყველაზე მეტად შეშფოთებული ვარ იმით, რომ საქართველო არ დარჩეს მარტო, იზოლაციაში, რადგან ქვეყანას შესაძლოა, დაემუქროს საფრთხე, რომ ჩვენი ტრადიციული მოკავშირეები განიხიბლებიან და მიგვატოვებენ“, – განაცხადა სააკაშვილმა.