საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. პანკისის მოსახლეობის წარმომადგენლებმა და აჰმად ჩატაევის ოჯახის წევრებმა მისი გათავისუფლების მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს წინ აქცია გამართეს.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აქციის წარმომადგენლებს შეხვდა. ჩატაევის შესახებ ინფორმაცია მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა მექა ხანგოშვილმაც მიაწოდა.წულუკიანმა მათ ჩატაევთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოსა და იუსტიციის სამინისტროს პოზიცია განუმარტა. მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ჩატაევი რუსეთს არ გადაეცემა: „უმთავრესი არის ის, რომ აჰმად ჩატაევის რუსეთისთვის გადაცემის მოთხოვნაზე დამტკიცებიდან რამდენიმე დღეში მე ვთქვი უარი, როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, და ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება“.
„ჩვენ ყველა მასალა გულდასმით შევისწავლეთ და პროკურატურა თავის პოზიციას დააფიქსირებს 6 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე“, – განმარტა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ჩატაევის საქმესთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ: დოკუ უმაროვის პირადი წარმომადგენელი აჰმად ჩატაევი ევროპაში ლაფანყურის მოვლენების დროს ქართული სპეცსამსახურების თხოვნით ლოპოტის ხეობაში შეიარაღებულ პირებთან მოსალაპარაკებლად ჩავიდა. სპეცოპერაციის დროს იგი ფეხში დაიჭრა. ხეობაში ათდღიანი მიმალვის შემდეგ კი ჭრილობის გართულების გამო მესაზღვრეებს ჩაბარდა. ჩატაევს ბრალი ედება ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვაში. ჩატაევი, მეოთხე თვეა, გლდანის ციხეში იხდის სასჯელს.