პოლიტიკა
რასმუსენი: „საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოსთვის მორიგი მნიშვნელოვანი ტესტი იქნება“

1-rasmus-politika3საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. „2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოსთვის მორიგი მნიშვნელოვანი ტესტი იქნება“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, რომლის თქმითაც, საპარლამენტო არჩევნების სახით საქართველომ ერთი მნიშვნელოვანი ტესტი უკვე ჩააბარა, ახლა კი მორიგი გამოწვევა – საპრეზიდენტო არჩევნები, ელის. ამასთან, ნატოს გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა ქართულ პარტიას, ერთად იმუშაონ დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების მისაღწევად.

„ეს ყველაფერი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის და საქართველოს მომავლისთვის, როგორც სტაბილური, დემოკრატიული ქვეყნისა ჩვენს ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში, იქ, სადაც მისი ადგილია“, – აღნიშნა ანდერს ფოგ რასმუსენმა და იქვე დასძინა, რომ საქართველო კვლავ რჩება ერთ-ერთ ძლიერ და ერთგულ მოკავშირედ ალიანსის მიზნებთან მიმართებაში, რომელიც, თავის მხრივ, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

„სულ ახლახან საქართველომ გააორმაგა ავღანეთში ნატოს მისიაში შეტანილი საკუთარი წვლილი, რაც მას ხდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორად ISAF-ის მისიაში მონაწილე ქვეყნებს შორის. გარდა ამისა, ის მონაწილეობს პოსტ-ISAF-ის სამრჩევლო და დახმარების მისიის დაგეგმარებაში, რომელიც 2014 წლიდან დაიწყება. ყოველივე ეს ცხადყოფს საქართველოს ძლიერ ჩართულობას ნატოში, რასაც ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ. ნატო, თავის მხრივ, ერთგულია საქართველოსთან ახლო ურთიერთობების. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე, როგორც მის ევროატლანტიკურ მომავალს“, – აღნიშნა რასმუსენმა.